სოფიო ქაცარავა: გაერო-ს რეზოლუციას პირველად ჰყავს 45 თანასპონსორი – ეს ქართული დიპლომატიის დიდი მიღწევაა

“ვფიქრობ, რომ რეზოლუციის მიღება ქართული დიპლომატიის დიდი წარმატებაა”, – ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.
როგორც სოფიო ქაცარავამ განაცხადა, გაერო-ს რეზოლუციას პირველად ჰყავს 45 თანასპონსორი.
„ვფიქრობ, რომ რეზოლუციის მიღება ქართული დიპლომატიის დიდი წარმატებაა, პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებისა და ლტოლვილების თემატიკა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიოს დღის წესრიგში. ეს კი განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური მასშტაბით უამრავი გამოწვევა და ცხელი კონფლიქტი არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დევნილები მათთვის უმნიშვნელოვანეს გზავნილებს მსოფლიოს ჭეშმარიტად გლობალური ორგანიზაციის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან იღებენ და ეს ხდება ყოველწლიურად. წლევანდელი კენჭისყრის სიახლე არის ის, რომ რეზოლუციის არსებობის ისტორიაში ტექსტი პირველად გაიხსნა თანასპონსორობისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თანასპონსორი ქვეყნები ხდებიან რეზოლუციის, პრაქტიკულად, თანაავტორები. წელს დევნილების რეზოლუციას 45 თანასპონსორი ჰყავდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს ყველაფერი გამოხატავს საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდეს პოლიტიკურ მხარდაჭერას“, – განაცხადა ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები