უკრაინაში ნასვამმა პოლიციელებმა 5 წლის ბიჭი მოკლეს

უკრაინაში 5 წლის ბავშვის მკვლელობისთვის ორი პოლიციელი – ივან პრიხოდკო და ვლადიმირ პეტროვეცი დაკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო theБабель-ი ავრცელებს. ​
მედიის ინფორმაციით, 31 მაისს კიევის ოლქის ქალაქ პრეიასლავ-ხმელნიცკში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელებმა სროლაში ვარჯიში გადაწყვიტეს. ისინი მეტალის ქილებსა და სხვა მსგავს საგნებს ესროდნენ, რა დროსაც ტყვია 5 წლის ბიჭს მოხვდა, რომელიც იქვე მდებარე საკუთარ სახლთან თამაშობდა. ბავშვი დედაქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 3 ივნისს გარდაიცვალა.
სააგენტოს ცნობით, თავდაპირველად, პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანებისთვის აღძრეს, რომელიც განხორციელდა ადამიანის ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით, თუმცა, ბავშვის სიკვდილის შემდეგ, მათ ბრალი დაუმძიმდათ და ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის მუხლი დაემატათ. დღეს ორივე პოლიციელი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები