თეიმურაზ მურღულია: იმაზე მეტი და პოზიტიური სიახლე გველის, ვიდრე პროექტის პრეზენტირებისას იყო წარმოდგენილი

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ქუთაისში დაპირებული პროექტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თეიმურაზ მურღულია “საერთაშორისო გამჭვირვალობას” სთავაზობს, საჯაროდ დადოს ოფიციალურ მისამართზე გამოგზავნილი წერილის ჩაუბარებლობისა და უკან დაბრუნების დასტური:

„მოგესალმებით მეგობრებო. ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტის I ფაზის დასრულების მოახლოება რომ სხვადასხვა ძალებში დიდ უკმაყოფილებას და შეშფოთებას იწვევს, სულ მცირე, აქ არავის არ გაკვირვებთ. დღეს აღმოვაჩინე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ფრიად საინტერესო დასკვნები დაუდევს და რომ არა IPN-ზე მათი განთავსება, იქ მოყვანილი გარემოებების ფაქტობრივი ღირებულებიდან გამომდინარე, კომენტარით არც კი შეგაწუხებდით.

პირველი – ჯერ არ აშენებულ უნივერსიტეტს რექტორი დაუნიშნეს და ხელფასს აძლევენო. სწრაფად გამოვტოვებ იმ ფაქტს, რომ მინისტრის მოადგილეობისას, ბევრი ინსინუაციის მიუხედავად, ამ პოზიციის ხელფასს არ ვიღებდი და პირდაპირ გადავალ მთავარზე – ამ ორგანიზაციის ანალიტიკოსები მართლა თვლიან, რომ უნივერსიტეტის აკადემიური მზაობისათვის სამუშაოები მისი შენობების აშენების მომენტიდან იწყება? სხვა რესურსი თუ ვერ ნახეს (როგორც თვითონ ამბობენ), სულ მცირე რექტორის მ.შ-ს ვინაობა ცოდნიათ და ან ჩემს კედელზე, ან ჩემგან არაერთხელ მინათითებ უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვერ მიაგნეს ვერაფერს გერმანელ პარტნიორებთან უნივერსიტეტის მოდელზე და პროგამებზე ყოველდღიურ და ინტენსიურ მუშაობაზე?

ასევე, ვთავაზობ “საერთაშორისო გამჭვირვალობას” საჯაროდ დადოს ოფიციალურ მისამართზე გამოგზავნილი წერილის ჩაუბარებლობისა და უკან დაბრუნების დასტური. რადგან ნამდვილად ამ მისამართზე ვართ და არც არაფერი მიგვიღია. რაც შეეხება, იმას რომ ელექტრონული საშუალებებითაც ვერ დაგვიკავშირდნენ – განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ფეისბუქ გვერდის მესინჯერში მშვენიერი მიმოწერა გვაქვს ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან ჯერ კიდევ 10 მაისიდან.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავიც არ შეგაწყინოთ, უნივერსიტეტი შენდება. ვისაც ამის მეათედი მასშტაბის პროექტის განხორციელებაში მაინც მიუღია მონაწილეობა, მიხვდება რამდენი დეტალისა და გამოწვევისაგან “იკრიბება” წარმატება. მალე უნივერსიტეტის გეგმების შესახებ მთელი საზოგადოება მოისმენს. იმაზე მეტი და პოზიტიური სიახლე გველის, ვიდრე პროექტის პრეზენტირებისას იყო წარმოდგენილი. ჩვენ გეგმიურად დათანმიმდევრულად გაწვდით ინფორმაციას პროგრესზე, ხოლო თქვენ თავად მშვენივრად იცით, ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ არა“, – წერს თეიმურაზ მურღულია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები