ირაკლი ბერაია: მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკის კონგრესს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის

ირაკლი ბერაიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის კონგრესმენს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ჯერი კონოლის საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკის კონგრესს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით გამოვყოფდი თქვენს როლს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტიცებასა და გაღრმავებაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა, რაც, მათ შორის, სხვადასხვა სამართლებრივ აქტსა და ორპარტიულ რეზოლუციებშია ასახული. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ მხარდაჭერის შემდგომ გაძლიერებას, რისი ნათელი დადასტურებაც თქვენი და კონგრესმენ კინზინგერის მიერ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტია, რისთვისაც მსურს, ქართული დელეგაციის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება”, – განაცხადა ბერაიამ.
ბერაიამ აღნიშნა, რომ ქართული დელეგაცია მიესალმება კონგრესმენის მიერ ნატო-ს შესახებ მომზადებულ ანგარიშს, დოკუმენტში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აგრესიული ქმედებების დაგმობას, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ხაზგასმას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები