მარიამ ჯაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაზე: დარწმუნებული ვარ, რომ სიაში არაერთი გამორჩეული, პროფესიონალიზმის მქონე პიროვნებაა

,,სია საკმაოდ ვრცელია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიაში არაერთი გამორჩეული, პროფესიონალიზმის მქონე პიროვნებაა”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული კანდიდატის კვალიფიკაცია დეტალურად განიხილება.

,,სია საკმაოდ ვრცელია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიაში არაერთი გამორჩეული, პროფესიონალიზმის მქონე პიროვნებაა, რომელიც დაადასტურებს საკუთარ კომპეტენციას, საკანონმდებლო ორგანოში განხილვების დროს. მოგეხსენებათ, კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანი იყო სწორედ იმ კრიტერიუმებისა და პროცესის შემუშავება, რომელიც როგორც საზოგადოებას, ისე პარლამენტის თითოეულ წევრს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემდა. დეტალურად განვიხილავთ თითოეული კანდიდატის კვალიფიკაციას. ბუნებრივია, საზოგადოების ნდობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მახასიათებელი და დარწმუნებული ვარ, შერჩეული კანდიდატები იქნებიან როგორც პროფესიონალები, ასევე, პიროვნული ნიშნით გამორჩეულები“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტში მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურაზეც იმსჯელებენ.

“ჩვენ, ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ბატონი შალვას კანდიდატურაზე. ის, რომ ბატონი შალვა იყო არჩეული გენერალურ პროკურორად, უკვე მიუთითებს მის მაღალ კვალიფიკაციაზე, თუმცა, ბუნებრივია, ეს ისევ და ისევ არის მსჯელობის საკითხი“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული, მათ შორის არის მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები