ზუგდიდში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა
ზუგდიდში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფოიეში საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და ინტელექტუალური თამაში – ,,რა? სად?როდის?” გაიმართა. მოეწყო ასფალზე ხატვა და ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ახლად არჩეული მერი – გიორგი შენგელია დაესწრნენ. გიორგი შენგელიამ ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა.
„ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე. თითოეული ჩვენგანის ვალია, შეგიქმნათ უზრუნველი გარემო და ხელი შევუწყოთ თქვენს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას კულტურის ცენტრ „ოდიშისა” და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო ანსამბლები მიიღებენ.
ღონისძიებაში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და საერთაშორისო ბიზნესსკოლა ჩაერთო.