გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციის წერილზე: ეს არის გაფორმება პირდაპირ იმ დოკუმენტისა, რომლის საფუძველზეც აუცილებლად უნდა გასამართლდეს ეს პოლიტიკური ძალა
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, ოპოზიციური პარტიების მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილს აფასებს.
„წერილი, რომელიც გააგზავნეს უცხოეთში მათივე ხელმოწერით, არის მტკიცებულება იმისა, გაფორმება პირდაპირ იმ დოკუმენტისა, რომლის საფუძველზეც აუცილებლად უნდა გასამართლდეს ეს პოლიტიკური ძალა, როგორც დამნაშავე პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ წერილით ადასტურებს, რომ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა, რომ ჩააბაროს უცხოურ ძალებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგები ცნობილი არ გახდება.