მედია: აშშ-მა გადაწყვიტა, უკრაინას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გადასცეს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემას დათანხმდა,- ამის შესახებ უცხოური მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
Washington Post-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსული შეტევის შესაჩერებლად გადადგა. ამერიკელი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ უკრაინა აღნიშნული ტიპის ნაღმებს მალე მიიღებს და მათ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენებს, სადაც მჭიდრო დასახლება არაა.
ბაიდენის ადმინისტრაცია მანამდე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე უარს აცხადებდა, რადგან მიაჩნდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რისკი მაღალი იყო. 2022 წლიდან თეთრმა სახლმა კორეის ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ ამერიკული ნაღმების გამოყენება და გადაცემა აკრძალა.
აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემის შესახებ მალევე გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ნება დართო, ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს.
ცნობისთვის, უკრაინა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციის, ,,ოტავას” შეთანხმების წევრია, რომელსაც 167-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. შეთანხმებას არ შეუერთდნენ რუსეთი, აშშ, ჩინეთი და ინდოეთი. კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, რომ არასოდეს გამოიყენებდნენ, შეიმუშავებდნენ, აწარმოებდნენ ან გადასცემდნენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს და მათ მფლობელობაში არსებულ ყველა მარაგს გაანადგურებდნენ.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ თავდაცვისთვის ნაღმების გამოყენება დაიწყო. ასევე, რუსეთიც აქტიურად იყენებს ნაღმებს.