,,იოანე ზოსიმე – დაბრუნება” – დოკუმენტური ფილმის საჯარო ჩვენება გაიმართა
19 ნოემბერს მწერალთა სახლში დოკუმენტური ფილმის – „იოანე-ზოსიმე − დაბრუნება“ საჯარო ჩვენება – პრემიერა გაიმართა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმი, რომელზეც შემოქმედებითი ჯგუფი 4 თვეზე მეტხანს მუშაობდა, X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერლის, ჰიმნოგრაფისა და გადამწერის, იოანე-ზოსიმეს უნიკალური პალიმფსესტის შესახებაა, რომელიც ამ წლის ივნისის თვეში, „კრისტის“ აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა შეიძინა და ქართველ ერს საჩუქრად გადმოსცა.
9 ოქტომბერს იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში ჩამოიტანეს.
დოკუმენტური ფილმის შექმნის მიზანი იყო, მაყურებელს სრული წარმოდგენა შეჰქმნოდა დაბრუნებული განძის განვლილ გზაზე, მრავალი თაობის მიერ საოცნებო ხელნაწერის მოპოვებაზე, ქართული ხელნაწერების მნიშვნელობასა და იოანე-ზოსიმეს ენიგმატური ფიგურის მასშტაბზე.
პრემიერაზე ნაჩვენები იყო ფილმის ვრცელი ვერსია. ჩვენებამდე დამსწრე საზოგადოებას ფილმზე მუშაობის შესახებ ესაუბრნენ პროექტის ავტორი გურამ ნიკოლაშვილი და ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი ბაჩო კვირტია.
ფილმის ჩვენების შემდეგ აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იოანე-ზოსიმეს ფენომენზე, მისი მოღვაწეობის მნიშვნელობასა და უნიკალური ხელნაწერის ფასდაუდებელ მასშტაბურობაზე, რომელიც დღეს უკვე ჩვენი ქვეყნის ხელნაწერ საგანძურთა შორის ინახება.