სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მაღალჩინოსანს გადადგომა მოსთხოვა
სომხეთის მედია ორი მინისტრის, საგამოძიებო კომიტეტის და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელების გადადგომის შესახებ იუწყება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, თანამდებობები დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საგამოძიებო და ანტიკორუფციული კომიტეტების და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა, ტერიტორიული მართვის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და უზენაესი სასამართლოს საბჭოს თავმჯდომარემ,- ამის შესახებ სომხეთის მედიასაშუალებები ზოგიერთი უწყების პრესსამსახურზე და ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კი დღეს დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირს გადადგომა მოსთხოვა, თუმცა მას კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.
„ძვირფასო თანამემამულეებო, პრესასა და სოციალურ ქსელებში მასობრივი განხილვის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევ გაცნობოთ, რომ ზოგიერთ მაღალჩინოსანს თანამდებობის დატოვება ვთხოვე“, – დაწერა ფაშინიანმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
გადადგომა პირადად დაადასტურა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა კარენ ანდრეასიანმა. მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ არ სურს გადაწყვეტილების სიღრმისეულ მიზეზებზე ლაპარაკი და მიდის სკანდალის გარეშე. ანდრეასიანის განცხადებით, სომხეთის სასამართლო სისტემა სამარცხვინო კრიზისიდან გამოიყვანა და ამ “ტოქსიკურ თანამდებობაზე“ ყველაზე დიდხანს გაძლო.
მანამდე, 15 ნოემბერს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სასამართლოსა და სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმების შედეგებს ვერ ხედავს და განაცხადა, რომ მოთმინების ფიალა აევსო.