ანა დოლიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში ჩინჩალაძემ ვერ გაბედა თავისი თავი ჩაეწერა

“ჩვენი დამსახურებით, აქ ძალიან შეჯიბრებითი პროცესი იქნება, 144 განაცხადია ათკაციანი სიის მაგივრად, ამ სიაში ვერ გაბედა, თავისი თავი ჩაეწერა მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც ლიდერია მთელი ამ სისტემის”,-ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა. ​

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ აღარ დამტკიცდება იმ მოსამართლეების ათკაციანი სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა გასული წლის დეკემბერში.

„ჩვენს თავს და ქართველ ხალხს, ვინც ძალიან გვგულშემატკივრობდა, უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის შავი სიზმარი და კოშმარი, რადგან მათ უნდოდათ, რომ არ ყოფილიყო პროცესი დეკემბერში, მათ უნდოდათ, რომ უზენაესში ყოფილიყო მიხეილ ჩინჩალაძე. ჩვენი დამსახურებით, აქ ძალიან შეჯიბრებითი პროცესი იქნება, 144 განაცხადია ათკაციანი სიის მაგივრად, მიხეილ ჩინჩალაძემ ვერ გაბედა, ამ სიაში თავისი თავი ჩაეწერა, რომელიც ლიდერია მთელი ამ სისტემის. ვფიქრობ, ეს ის ეტაპია, როდესაც უნდა ვთქვათ, რომ ერთი ეტაპი ამ ძალიან სერიოზულ ბრძოლაში და დაპირისპირებაში სასამართლოს გათავისუფლებისთვის, ჩვენ ყველამ მოვიგეთ. შემდეგი ეტაპებისთვის რაც იქნება სერიოზული შეჯიბრებით და ალბათ, დაძაბული პროცესი, ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ.

ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც დღეს უზენაესში არ სხედან დეკემბრის სიის ათი მოსამართლე, რის გამოც აქ არის 144 კონკურსანტი, რის გამოც ამ სიაში არ არის მიხეილ ჩინჩალაძე, არის ქართველი ხალხის მგრძნობიარობა ამ თემის მიმართ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია დღეს გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა. სიაშია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები