ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამოქვეყნებულ სიას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტიც და იუსტიციის უმაღლესი საბჭოც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იხელმძღვანელებენ, რაც მისივე თქმით, იმის გარანტია იქნება, რომ სათანადო კანდიდატები შეირჩეს.

„ეს არის საკითხის განხილვის პირველი ეტაპი. ეს 144-კაციანი სია უნდა დავიდეს 50-კაციან სიამდე. ამ ე.წ. გრძელი სიის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ საბჭოს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ის ჩაივლის საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისად, ყველა ერთად გამოვიტანთ დასკვნებს უკვე პირველ ეტაპზე. ამის შედეგ, გაგრძელდება განხილვა. პროცესი იქნება საჯარო, იქნება ინტერვიუები და გასაუბრება. ამის საფუძველზე მოხდება სიის დაყვანა 20 კაცამდე და ბუნებრივია, ეს პროცესიც ჩაივლის საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. თითოეულ ჩვენგანს ექნება დაკვირვების საშუალება და ამის შემდეგ, უკვე საბოლოოდ მოხდება 20 კანდიდატის წარდგენა პარლამენტისთვის. საბოლოო ჯამში, პარლამენტი ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ ყველა შესაბამისი ობიექტური კრიტერიუმით, ეს არის – გამოცდილება, კვალიფიკაცია, წარსული, დღევანდელი საქმიანობა. ეს არის ყველა ობიექტური კრიტერიუმი, რომელიც არის ასახული მათ შორის ჩვენ მიერ მიღებულ კანონში.

​ჩვენი გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. ბუნებრივია, საბჭოც ამავე კრიტერიუმით იხელმძღვანელებს და ეს იქნება გარანტია და საფუძველი იმისა, რომ ავირჩევთ სათანადო კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლების პოზიციებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები