ციურიხში მამაკაცმა მძევლად აყვანილი ორი ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 60 წლის მამაკაცმა მძევლად აყვანილი ორი ქალი მოკლა და თავი მოიკლა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა 34 და 38 წლის ქალები მძევლად 30 მაისს, გამთენიისას აიყვანა. სამართალდამცავმა ორგანომ აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც პოლიციის ცხელ ხაზზე შეტყობინება ერთ-ერთი მძევალი ქალისგან შევიდა, რომელიც დახმარებას ითხოვდა.
ადგილზე მისულ პოლიციას მამაკაცმა განუცხადა, რომ, თუ ტერიტორიას არ დატოვებდნენ, მძევლებს მოკლავდა.
დაახლოებით სამი საათის შემდეგ, მამაკაცმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ 10 წუთში ჩაბარდებოდა, თუმცა მალევე გაისმა სამი გასროლის ხმა. შენობაში შტურმით შესულ პოლიციას კი ოთახში მძიმედ დაჭრილი სამი ადამიანი დახვდა. სამივე ადგილზე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, უცნობია, თუ რა იყო მკვლელობის მოტივი.
​შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები