ბათუმის მერი: ვიმედოვნებ, რომ ჩატარდება სწრაფი და ობიექტური გამოძიება და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება

ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით  ლაშა კომახიძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ბათუმის მერი საქმის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას იმედოვნებს.

“ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო, ვინაიდან თითოეულ დაკავებულს კარგად ვიცნობ. ისინი მუნიციპალიტეტში საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციებზე მუშაობდნენ, მაღალი კვალიფიკაციის კადრები არიან, შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი გამოცდილებით. აბსოლუტურად მესმის ბრალდებების სიმძიმე, რომელიც ჩვენს კოლეგებს აქვთ წაყენებული, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩატარდება სწრაფი და ობიექტური გამოძიება და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. მინდა ვთქვა, რომ, შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი და ყველა მისი სამსახური ჩვეულებრივ რეჟიმში, შეუფერხებლად ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობას. ამ ეტაპზე, მეტი კომენტარი არ იქნება”, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ჟურნალისტებმა ბათუმის მერს “იაფი სახლის” პროექტთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, თუმცა მას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, გუშინ აჭარაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულები არიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები – საქმე „იაფი სახლის“ პროექტსა და დაკარგულ ასობით ათას ლარს ეხება.

პროკურატურა აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ბათუმის ყოფილ მერს და მოქმედ ვიცე-მერს, ასევე სხვა თანამშრომლებს – ყველას, ვინც წარსულში სატენდერო კომისიაში იყო ჩართული, თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები