საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვაში შეხვედრებს მართავს.
სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრემიერმინისტრთან, საულიუს სკვერნელისთან შეხვედრით დაასრულა.
მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
საუბრის ერთერთი მთავარი თემა იყო ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასევე კულტურისა და განათლების სფეროში არსებული მჭიდრო კავშირები და ამ მიმართულებით, თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები.
შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება განიხილეს. ლიეტუვის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
„პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მეგობარია. ვისაუბრეთ ყველა ასპექტზე. გვქონდა საუბარი პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მეგობრობა ტრადიციულად და ისტორიულად, არის ძალიან მჭიდრო და ძალიან მჭიდროა ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა. ასევე, აქცენტი გავაკეთეთ, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე,
ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან და აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც. ასევე, ვიმსჯელეთ ევროინტეგრაციის და ნატოში ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის განვითარება. ასევე, შევეხეთ კულტურისა და განათლების სფეროს. განათლების სფეროში ლიეტუვასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. მადლობა გადავუხადეთ მხარდაჭერისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენი სტუდენტებისთვის. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ყველა მიმართულებით და თითოეულ ამ ასპექტზე გვქონდა საუბარი“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, ხვალ ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.
დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, გიორგი კანდელაკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები