სალომე სამადაშვილი სააკაშვილის ექსტრადაციაზე: ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, არავინ აპირებს მათთვის მის გადმოცემას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ექსტრადაციით მათ არავინ გადასცემს.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა მხოლოდ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დროს განიხილებოდა.
„მიხეილ სააკაშვილი მიმალვაში არ ყოფილა. ის საჯაროდ არის წარმოდგენილი როგორც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში, ასევე – ამერიკის შეერთებულ შტატებში. გასული წლების მანძილზე თავისუფლად მოგზაურობს და გადაადგილდება. საქართველოს ხელისუფლებას არავინ უშლიდა ხელს, მისი ექსტრადიცია მოეთხოვა ნებისმიერი ქვეყნიდან, სადაც ის ჩადიოდა. ეს კიდევ ერთხელ თავის მასხრად აგდებაა. რეალურად, ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ არავინ აპირებს მათთვის სააკაშვილის ექსტრადიციით გადმოცემას. საკუთარ თავს დასცინიან ყოველ ჯერზე ძალიან უთავმოყვარეოდ, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ.
უკრაინა სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას მხოლოდ მაშინ განიხილავდა, როდესაც პოროშენკოსა და ივანიშვილის ინტერესები სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან განდევნის საკითხზე ერთმანეთს ემთხვეოდა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, მაშინ პოროშენკომ ივანიშვილს შესთავაზა, სააკაშვილის ექსტრადირება გაეკეთებინა და ამაზე უარი მიიღო. მსგავს შეთავაზებას ივანიშვილს სხვა აღარავინ გაუკეთებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისათვის, დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ყველა დამნაშავის ექსტრადირების საკითხზე მუშაობა გრძელდება.
​შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები