საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე – ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუსს შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე, ჩვენი ქვეყნის მიღწეული პროგრესი იყო. ყურადღება გამახვილდა ლიეტუვის მხრიდან, საქართველოს დასავლური მისწრაფებების ურყევ მხარდაჭერაზე, რისთვისაც, ირაკლი კობახიძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა იმსჯელეს ევროპარლამენტის არჩევნებსა და მის შესაძლო გავლენაზე.

შეხვედრაზე, ასევე, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო.

ლინას ლინკევიჩუსმა ქართულ მხარეს ლიეტუვის მხრიდან ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპარლამენტში ჩატარებული არჩევნები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე გავლენას არ მოახდენს.

„ლიეუტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი არის საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია. საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბარი, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. ხაზი გავუსვით, რომ ლიეტუვის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს, ეს გავლენას არ იქონიებს იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ძლიერი ძალისხმევა, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, ამ ძალისხმევით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლიეტუვის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემაც.

„ლიეტუვა ყოველთვის ამბობს, რომ საერთაშორისო არენაზე, იგი ყოველთვის იქნება ჩვენი დიდი მხარდამჭერი საგარეო პოლიტიკის განხორციელების გზაზე”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროპარლამენტის არჩევნებს.

„ჩვენი ლიეტუველი მეგობრების გზავნილია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ის გზა, რომელიც ავირჩიეთ – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საგარეო მისწრაფებებთან”,- აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები