ფოფხაძე ოხანაშვილს: რა შეურაცხყოფაც მომაყენე, გავიგე და არ დაგივიწყებ, გპირდები

“რასაც ანრის გამოსვლას ვუსმინე და რაც კომიტეტზე ხდებოდა, ეს უფრო ჰგავს იმას, რომ გინდა, ოპონენტს პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენო და არაკომპეტენტურობა დააბრალო”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გედევან ფოფხაძემ ანრი ოხანაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ბესელია-ფოფხაძის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტზე უარყოფითი დასკვნა წარადგინა და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ახალ საკანონმდებლო პროექტს თავად მოამზადებს.
​ფოფხაძის თქმით, იგი ოხანაშვილს ამ შეურაცხყოფას არ დაუვიწყებს.
“რასაც ანრის გამოსვლას ვუსმინე და რაც კომიტეტზე ხდებოდა, ეს უფრო ჰგავს იმას, რომ გინდა, ოპონენტს პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენო და არაკომპეტენტურობა დააბრალო. რა შეურაცხყოფაც მომაყენე, გავიგე და არ დაგივიწყებ, გპირდები – კარგი მეხსიერება მაქვს! ამაზეც მიიღებ პასუხს დროთა განმავლობაში ისე, როგორც სხვა რაღაცების გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უფლებრივ საკითხთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, აქვს თუ არა ადამიანს უფლება დაიცვას უფლებები სასამართლოს მეორე ინსტანციაში. მინდა, ყურადღება მიაქციოთ, რატომ არ უნდათ, რომ ეს ინიციატივა მიიღონ. მე საკონსტიტუციო სასამართლომ უფლება მომცა, რომ რაღაც მეორე ინსტანციაში გავასაჩივრო. ესენი ამბობენ, დიფერენცირება მოვახდინოთ იმის მიხედვით, რამდენია ფინანსური ხარჯი და დავის ოდენობა. თუ ჩვენ უფლებაზე გავდივართ, ჩემთვის 5 ათასი ლარი შეიძლება, მილიონი იყოს, ვიღაცისთვის კი 1 ლარიც არ იყოს. თქვენ გამოდიხართ არა ადამიანის უფლებებიდან, ვისი უფლებებიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაიცვა, არამედ – მოსამართლეების უფლებებიდან, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლები საქმე განიხილონ. კიდევ ერთ შეკვეთას უსრულებთ მურუსიძე-ჩინჩალაძესა და მაგ კლანს. რაც გინდათ, გაიტანეთ; რაც გინდა, ნუ გაიტანთ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას ბოლომდე“, – მიმართა ოხანაშვილს ფოფხაძემ.
​ცნობისათვის, დეპუტატების – ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს ეხება, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს და ადმინისტრაციულ საქმეებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებას ითვალისწინებს. არსებული რეგულაციით კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები