სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის წევრებმა ხელი აიღეს სინდისზე, ნამუსსა და საკუთარ საპარლამენტო პასუხისმგებლობაზე

“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა საერთაშორისო, მათ შორის – სამართლის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ​თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირეს. როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნებისთვის” ეს საბედისწერო გადაწყვეტილება იქნება.
„როდესაც სუს-ის წარმომადგენელი პარლამენტში მოვიდა, ფაქტობრივად, მითითება გასცა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ უნდა შექმნილიყო. დღეს პარლამენტის წევრებმა ხელი აიღეს სინდისზე, ნამუსსა და საკუთარ საპარლამენტო პასუხისმგებლობაზე, როგორც პარლამენტის წევრებმა და განაცხადეს, რომ მათ არ აინტერესებთ, ახალგაზრდა ადამიანი მძინარე საკუთარ საწოლში რატომ მოკლეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა საერთაშორისო, მათ შორის – სამართლის თვალსაზრისით. დღეს პარლამენტში გვითხრეს – ჩვენ არ გვაინტერესებს, სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა თემირლან მაჩალიკაშვილი რატომ მოკლესო. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საბოლოოდ ჩამოშლისთვის ერთ-ერთი საბედისწერო გახდება, როდესაც მათ საზოგადოებაში ისედაც აღარანაირი ნდობა აქვთ და დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მათ მითითებებს ბიძინა ივანიშვილი და სუს-ი აძლევთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
​ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. შესაბამის დადგენილებას მხოლოდ 30-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები