ზაზა გაბუნიას ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, “ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის” დამატებითი ოქმი მიიღო.
„უტრეხტის ოქმი” შემუშავებულია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ და წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებით ოქმს, სადაც აქცენტი თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე კეთდება.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, “ევროპულ ქარტიას” საქართველომ ხელი 2002 წელს მოაწერა, ხოლო საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინა 2004 წელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოში თვითმმართველობის სისტემის შექმნისა და გაძლიერებისთვის. მისივე განცხადებით, თვითმართველობის განვითარების პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მასში საზოგადოების მონაწილეობა ფუნდამენტური საკითხია, რაც გამოიყო კიდეც ცალკე დოკუმენტის სახით.
„მინდა, ყველას მივულოცო ეს გადაწყვეტილება, რადგან საქართველო რიგით მეორე მსხვილ ევროპულ დოკუმენტს შეუერთდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. დღეს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის” დამატებითი ოქმის მიღებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის რეფორმაზე მუშაობის აქტიური პროცესი და, ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში გვაქვს ვალდებულება, შევქმნათ ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფართო მონაწილეობასა და ჩართულობას, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმმართველობის გაძლიერებისთვის გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, საკონსტიტუციო გარანტიები, დღეს მნიშვნელოვანი იყო, მოგვეხდინა იმ ღირებულებების დეკლარირება, რომელზეც დგას ევროპული ადგილობრივი თვითმმართველობა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები