აკაკი ზოიძე: საქართველოს პროკურატურა, სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით, ალბათ, უკრაინას განმეორებით მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.
ზოიძე იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს.
„მე პირადად არ გამკვირვებია და არ მგონია, ვინმეს უნდა გაჰკვირვებოდა იმიტომ, რომ ბატონი ზელენსკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ ამას აპირებდა. შესაბამისად, ეს მისი გადაწყვეტილებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არანაირად იმოქმედებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან კეთილ ურთიერთობებზე. მას წინამორბედის გაკვეთილი მაინც უნდა გაეთვალისწინებინა. ჩვენი პროკურატურა, ალბათ, კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას. წესით, უნდა მიმართოს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. აღნიშნული დადგენილება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები