თამარ ჩუგოშვილი: მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა

“ეს უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა, მათი უფლებაა. ვნახეთ უკვე მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაც, ჩამორთმევაც და ისევ მინიჭება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ერთად იხილავს, რა როლს შეასრულებს უკრაინის პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი.
“უკრაინა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და სუვერენული უფლებები აქვს, მათ შორის ის უფლებაც, რომ მიანიჭოს მოქალაქეობა, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს. რა როლს შეასრულებს უკრაინის პოლიტიკაში სააკაშვილი, ამას ყველა ერთად ვნახავთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„უკრაინა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. უკრაინასთან ძალიან ბევრ თემაზე, განსაკუთრებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ვთანამშრომლობთ, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ძალიან მყარი პარტნიორები ვართ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამას ვერაფერი წინ ვერ აღუდგება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
აღნიშნული დადგენილება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები