გივი მიქანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის ინიციატივით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ბუნდესტაგის ადმინისტრაციას შორის ბოლო ერთი წლის განმავლობაში გააქტიურებული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და გერმანელი ექსპერტების ჩართულობით არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები ხორციელდება.
„შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერილი პროექტის – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ქსელის საქმიანობასთან დაკავშირებით. გერმანელ დიპლომატს ქსელის შექმნისა და მისი საქმიანობის ისტორია გავაცანი და ერთ წელიწადზე ნაკლებ პერიოდში განხორციელებულ აქტივობებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მივაწოდე. პარლამენტების აპარატის ხელმძღვანლების თანამშრომლობის ფარგლებში გამართული შეხვედრები და ფორუმები ჰუბერტ ქნირშის მიერ დადებითად შეფასდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსმა, თანამშრომლობის ქსელის შემდგომი განვითარებისა და მისი მდგრადობის მიზნით, გერმანიის მთავრობის მხრიდან GIZ-ის დაფინანსების გაგრძელებისა და არსებული თანამშრომლობის ფორმატის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. გივი მიქანაძემ, როგორც ქსელის თავმჯდომარემ, გერმანელ დიპლომატს ინიციატივა გააცნო, რომელიც წლის ბოლოს ბერლინში, გერმანიის ბუნდესტაგში ქსელში ჩართული აპარატის უფროსების გერმანელ კოლეგებთან შეხვედრას შეეხებოდა. აღნიშნული შეხვედრა კი ქსელის მუშაობის შეჯამებას, განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრას დაეთმობა. შეხვედრაზე მხარეები აქტიური კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების საკითხებზე შეთანხმდნენ. გერმანიის ელჩმა პარლამენტის აპარატის უფროსს ინიციატივის მიმართ მხარდაჭერა აღუთქვა.
პარლამენტის აპარატის უფროსისა და გერმანიის ელჩის შეხვედრას გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების უფროსი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები