მამუკა არეშიძე: პოლიტიკური ძალები დავით გარეჯთან დაკავშირებით ქვეყნისთვის სახიფათო განცხადებებს აკეთებენ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში – მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური ძალები ქვეყნისთვის სახიფათო განცხადებებს აკეთებენ.
„ფაქტია, რომ მავანი ცდილობს, მუდმივად გამოიყენოს სიტუაცია პოლიტიკური ქულების დასაწერად და ამ კონტექსტით საკმაოდ სახიფათო განცხადებებს აკეთებს. ეს პოლიტიკური ძალები ამას ისე, საზოგადოდ არ აკეთებენ, ავტორები არიან. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც სახიფათოა ქვეყნის სამხედრო დაპირისპირებაში ჩათრევის თვალსაზრისით“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ტოქშოუ „პირისპირში“.
მისი თქმით, სოციალურ ქსელში, რომელიც დღეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მმართველია, ჩანს „ფეიკები“, „ბოტები“ – ის ადამიანები, რომლებიც ადრე იმავე სახელწოდებით კონკრეტული ოპოზიციური ძალის პოზიციას იცავდნენ.
მამუკა არეშიძე ეთანხმება მამა ანდრია ჯაღმაიძეს, რომლიც აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებულ პროცესებში მესამე ძალა მონაწილეობს.
„როგორც ყოველთვის, როგორც კი კრიტიკული სიტუაცია იქმნება ქვეყანაში, აუცილებლად ჩნდება რაღაც ძალა, რომელიც ცდილობს, კიდევ უფრო გაართულოს და დაძაბოს სიტუაცია“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, მთავარია პრობლემის მოგვარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი მოგვარების გზებზეა საჭირო საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები