ირაკლი კობახიძე: მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში, არანაირი საკამათო საკითხი არ დარჩენილა

ყველა შევჯერდით იმ კანონპროექტზე, რომელიც არის შემუშავებული, და ეს ნაწილი ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომლებიც არის დაკავშირებული მოსამართლეების მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ,,მაესტროს” პირდაპირ ეთერში მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„სამი ძირითადი ასპექტისგან შედგება რეფორმის მეოთხე ტალღა, პირველი საკითხი არის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხები და ამ ნაწილში გვაქვს სრული თანხმობა სამუშაო ჯგუფში და უკვე დასრულებულია შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა, ანუ, პირველი ნაწილი, სრული კონსესუსით დასრულდა. ყველა შევჯერდით იმ კანონპროექტზე, რომელიც არის შემუშავებული, და ეს ნაწილი ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომლებიც არის დაკავშირებული მოსამართლეების მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან. რაც შეეხება მეორე საკითხს – ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხი, აქაც არის ფუნდამენტური ცვლილებები შემოტანილი კანონპროექტის სახით, არის შეჯერებული პოზიციები პრაქტიკულად, ყველა საკითხთან დაკავშირებით, დარჩა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და დარწმუნებული ვარ, რომ იმ საკითხთან დაკავშირებითაც, საბოლოო ჯამში, მოვახერხებთ პოზიციების შეჯერებას, და კონსესუსის მიღწევას, ანუ, ეს ორი საკითხი გვაქვს, სადაც პრაქტიკულად, არის ძალიან დიდი წარმატებით დასრულებული პროცესი და რაც შეეხება, მესამე საკითხს, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა. იქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დარჩენილი, რაზეც დაგვჭირდება დამატებით კონსულტაციები, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოესწრო ამ საკითხების ჯეროვნად განხილვა წინა შეხვედრაზე და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც, დაახლოებით, ათ დღეში შედგება, ჩვენ მოვახერხებთ აქაც პოზიციების შეჯერებას და საბოლოო ჯამში, წარდგენილი იქნება პარლამენტში ისეთი კანონპროექტი, რომელიც ფუნდამენტურად შეუწყობს ხელს სასამართლოს დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის შემდგომ განმტკიცებას. ეს იყო ჩვენი სამუშაო ჯგუფის მიზანი და ამ მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

​კითხვაზე, რამდენად იქნება მიღწეული სრული კონსენსუსი მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არცერთი საკამათო საკითხი არ დარჩენილა.

,,ყველაში იგულისხმება აბსოლუტურად ყველა, ვინც ესწრებოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს, არ დარჩა არცერთი პრინციპული რეკომენდაცია გათვალისწინების გარეშე, ყველაფერი არის ასახული საბოლოო კანონპროექტში, რომელიც იქნა შემუშავებული. აქ იგულისხმება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც იყვნენ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი. ოთხი სხვადასხვა მხარე, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ჩვენი გერმანელი პარტნიორები, ისინი მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, ასევე, არის არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია მართლმსაჯულებისთვის, რომელსაც ჰყავდა თავისი წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფში და ისინიც ეთანხმებიან საბოლოო პროექტს, რომელიც არის შემუშავებული და ამ შემთხვევაშიც, მათი ყველა რეკომენდაციაც იქნა გათვალისწინებული, ასევე, იყვნენ სამუშაო ჯგუფში ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები და იქაც არის სრული თანხმობა, ანუ, როდესაც საუბარია დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, სრული კონსენსუსის მიღწევაზე, შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ არცერთი საკამათო საკითხი არ დარჩენილია, არც ერთი ისეთი საკითხი, რომელსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა რომელიმე ერთი სუბიექტი მაინც ამ სამუშაო ჯგუფში, ანუ, სრულ კონსენსუსში იგულისხმება პირდაპირი გაგებით სრული კონსენსუსი. იგივე შეიძლება ითქვას იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებითაც. იქ დაგვრჩა ერთადერთი საკითხი, სადაც საჭიროა პოზიციების შეჯერება ყველა საკითხთან დაკავშირებით და არის ფუნდამენტური ცვლილებები შემოთავაზებული, იქაც აბსოლუტურად ყველას თანხმობა იყო იმ ცვლილებების თაობაზე, რომელიც არის შემუშავებული ჩვენი მხრიდან”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „მაესტროს” პირდაპირ ეთერში,”- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები