ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, რამდენიმე პირის სახელზე  ფორმალურად დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც, ერთ-ერთი ასეთი კომპანიის სახელით, მეორე კომპანიაზე ფიქტიურად გაწერეს დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა, განხორციელდა დაახლოებით, 23 მილიონი ლარის ღირებულების ლითონის კონსტრუქციების მიწოდება, რა გზითაც, დღგ – ს ნაწილში კომპანიამ შეიქმნა ყალბი აქტივი 3 391 665 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულებმა  შემდგომში შეიძინეს იმპორტირებული ბენზინი, რა დროსაც  საქონლის იმპორტისათვის გათვალისწინებული ოფიციალური გადასახადები – ჯამურად, 2 361 842 ლარის ოდენობით დაიფარა ყალბად შექმნილი აქტივიდან”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები