თორნიკე რიჟვაძე: მაღალი სტანდარტის თვითმმართველობა ზრდის მოქალაქეთა ფართო ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობებში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მაღალი სტანდარტის თვითმმართველობა ზრდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თვითშეგნებას, მოქალაქეთა ფართო ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობებში. რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ მუნიციპალიტეტების, დაბების, სოფლებისა და კონკრეტული ადგილების იდენტიფიცირებას მათი პოტენციალის შესწავლის მიზნით, რომლითაც კონკრეტული ადგილები შეძლებენ ინტეგრაციას ეკონომიკურ სისტემაში და შეიქმნება ღირებულებათა ჯაჭვი”, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართეს.

ფორუმზე, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში  რეგიონული ეკონომიკის და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები განიხილეს.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი „რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში” 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, ცხრა რეგიონის გუბერნატორსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები