თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის საჩივარი და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტების დამზადება-გასაღებაში ბრალდებულს, შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და კომერციულ მოსყიდვასა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტების დამზადება-გასაღებაში ბრალდებულს, კახეთის რეგიონში მოქმედი შპს „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“ დირექტორს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5000 ლარის ოდენობის გირაო პატიმრობით შეუცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში მოქმედი შპს „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“ დირექტორი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ ამზადებდა და გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს.
დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომერციული მოსყიდვა) და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება, გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურის საჩივრის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განჩინება და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.