პოლონეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღია კონფლიქტთან ყველაზე ახლოსაა – ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონეთი ღია კონფლიქტთან ყველაზე ახლოსაა.

„არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ომის ზღვარზე ვართ, მაგრამ საზღვარი გადაილახა და ეს უფრო საშიშია, ვიდრე ადრე იყო. ეს სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად გვაახლოებს ღია კონფლიქტთან“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის შვიდი დრონი და ამოუცნობი ობიექტის ნარჩენებია ნაპოვნი.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება დასტაბილურდა და საფრთხის დონე ნორმას დაუბრუნდა. რადარი და სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემებიც სტანდარტულ ფუნქციონირებას დაუბრუნდა.

როგორც ცნობილია, პოლონეთში შესული დრონები უკრაინაზე ბოლო მასშტაბური საჰაერო თავდასხმის ნაწილი იყო, სადაც რუსეთმა ღამით 415 დრონი გაუშვა.

ამასთან, მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა კრემლი, რომელიც კომენტარისგან თავს იკავებს.

„ჩვენ არ გვსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.

ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა ყოველდღიურად ადანაშაულებს რუსეთს პროვოკაციებში“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები