ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა დადიანების სასახლესთან აშენდება
ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობის საპროექტე დოკუმენტაციის შედგენაზე მუნიციპალული განვითარების ცენტრმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 203 815 ლარია. ბიბლიოთეკა ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის გვერდით მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა და ამჟამად არსებული შენობის დემონტაჟი მოხდება. ამასთან, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, აუცილებელია, მშენებლობისას გათვალისწინებული იყოს ეკატერინე ჭავჭავაძისა და ნიკოსეულ სასახლესთან არქიტექტურული იერსახის შესაბამისობა. ასევე, ექსპერტების აზრით, სასურველია ახალი ცენტრის სიმაღლე არ აღემატებოდეს ამ ორი შენობისას.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთიან სივრცეში განთავსდება ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთკა, სადაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკით და მრავალფუნქციური სივრცეებით. აქ მსურველებს შეეძლებათ წარმოადგინონ საკუთარი იდეები და დანერგონ სიახლეები. ამასთან, შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ამ სივრცეში იქნება მათ შორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის და კაფე. შესაძლოა, ვერანდის მოწყობაც დადიანების სასახლის ხედით. ასევე, საბავშვო სივრცე, რომელიც მოიცავს გასართობ ზონას, სამკითხველო კუთხეს და ოთახს ინტერაქტიული სწავლებისთვის. აქვე იქნება საექსპოზიციო სივრცე, მედიათეკა, – ბიბლიოთეკის არქივი, ადმინისტრაციული სივრცე.
უშუალოდ როდის დაიწყება სამუშაოები და რა ოდენობის თანხა დაიხარჯება ამისთვის, ამ დროისთვის უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი პროექტის შედგენის შემდეგ განისაზღვრება.
ზუგდიდში რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მარტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თავდაპირველად მეორე სკოლის გვერდით მდებარე საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია იყო დაგეგმილი, თუმცა სამუშაოების დაწყებისას გაირკვა, რომ შენობას საძირკველი მყარი არ ჰქონდა და მხოლოდ გამაგრების სამუშაოები საკმარისი არ იქნებოდა.