მინდია გოდერძიშვილი: გორს შიდა ქართლში გუბერნატორის ცვლილება ძალიან ეტყობა
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინა მოწვევის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ვაჟა-ფშაველას პირდაპირმა შთამომავალმა – მინდია გოდერძიშვილმა გადაცემა „შესვენების საათში“ შიდა ქართლის რწმუნებულის მუშაობა შეაფასა.
მისი თქმით, გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად აისახა რეგიონისა და, განსაკუთრებულად, გორის ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარებაზე.
„სხვა მუნიციპალიტეტებსაც, მაგრამ გორს ძალიან ეტყობა გუბერნატორის ცვლილება. არ მინდა, ეს გუბერნატორის ქებაში ჩამეთვალოს. მე, როგორც ყოველთვის, მინდა, მიუკერძოებელი მოქალაქის პოზიციიდან ვისაუბრო. ქალაქში არის მოძრაობა – გორის ციხის თემა აიღეთ, სანაპიროების თემა აიღეთ; რამდენიმე პროექტი ვიცი, რომელიც წელს უნდა გაკეთდეს. ხვდება ძალიან ბევრ ადამიანს სოფლად, ქალაქად. ვიცი, რომ საკურორტოდ მოსანიშნი გარკვეული ზონებიც მოინიშნა რეგიონში. დადის ადამიანი და რაღაცას ცდილობს. მე არ ვამბობ, რომ ის იდეალურია, მაგრამ ტოტალური უცოდინრობის, დილეტანტიზმისა და უსაქმურობის ფონზე, ამ კაცის ნაბიჯები უკვე ძალიან ჩანს. მე არ ვამბობ, რომ ეს ნაბიჯები საკმარისია – საკმარისი კი არა, ცოტაა, მაგრამ კარგია, როდესაც შენს ქალაქში ვიღაცა რაღაცას აკეთებს“, – განაცხადა მინდია გოდერძიშვილმა.