სანდრა რულოვსის მხარდამჭერებთან ინციდენტის ამსახველი ახალი კადრები გავრცელდა – ვინ დაიწყო ჩხუბი დადიანების ეზოში
ზუგდიდში, დადიანების სასახლის წინ ბოტანიკურ ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვებგვერდი STV განსხვავებულ კადრებს ავრცელებს. კადრებს თან ახლავს ტექსტი, სადაც წერია, რომ სანდრა რულოვსის თანმხლები პირი, ენმ-ის – წევრი ლევან თორია ერთ-ერთ ადამიანზე ფიზიკურად ძალადობს.
„როგორც აღმოჩნდა, ფიზიკური დაპირისპირება სანდრა რულოვსის თანმხლებმა პირმა – ახალაიების უახლოესი გარემოცვის წევრმა, ყოფილმა “ზონდერმა” და ახლადგაჟურნალისტებულმა, ლევან თორიამ დაიწყო“, – წერს სააგენტო.
„ბაღში მყოფი პირები სწორედ თორიას დანახვამ გააღიზიანა და მას ეკითხებოდნენ, რას აკეთებდა იქ – სინამდვილეში, სანდრა რულოვსზე თავდასხმა არ უცდიათ. ვიდეოკადრებში, რომელიც STV-მ მოიპოვა, ნათლად ჩანს, თუ როგორ ურტყამს ე.წ ჟურნალისტი, ლევან თორია ინციდენტის მონაწილე პირს, რომელიც შედეგად ასფალტზე ვარდება“, – წერია ვიდეოს განმარტებაში.
STV-ს ცნობით, 2012 წლის შემდეგ ლევან თორია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტი იყო. აქტივისტობის პარალელურად, სამეგრელოს ადგილობრივ ტელევიზია „ოდიშში“ საავტორო გადაცემაზე მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა ბოტანიკურ ბაღში სანდრა რულოვსთან, როცა ინციდენტი მოხდა.
14 მაისს ზუგდიდის საკრებულოში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ლაგვილავამ სანდრა რულოვსს უთხრა, რომ მას არ აქვს მორალური უფლება, ზვიად გამსახურდიას დარბაზში ხმამაღლა ისაუბროს. სწორედ ლაგვილავას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.
საკრებულოში დაპირისპირება დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა, კერძოდ, სანდრა რულოვსის ოფიციალურ Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ფიზიკური დაპირისპირება ჩანს კადრებში. ვიდეოზე ნაჩვენები ჩხუბის გამო ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ინციდენტის მონაწილე – გელა კვარაცხელია მიიყვანეს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
წყარო: imedinews.ge