ვინ არის პირი, რომელმაც სანდრა რულოვსს ამოჭრილი თირკმელის შესახებ ჰკითხა – ყულიშკარელი მამაკაცის მძიმე ისტორია (ვიდეო)

არჩილ ქათუთიამ საზოგადოებას თავი რამდენიმე დღის წინ დაამახსოვრა, როდესაც ის სოფელ ყულიშკარში სანდრა ელისაბედ რულოვსის საარჩევნო შეხვედრაზე მივიდა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს უცნაური  პრეტენზია წაუყენა:

“თირკმელი არ მაქვს, სად არის ჩემი თირკმელი?”, – ამბობდა მამაკაცი, რომლის გამოჩენამაც ექსპრეზიდენტის მეუღლის მხარდამჭერები გააღიზიანა, საბოლოოდ კი ის ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა ისე გაიყვანეს, რომ არც ქაქუთიას აუხსნია რამე და ვერც ადგილზე მყოფები მიხვდნენ, ვინ იყო ის და რას ითხოვდა.

შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ “კვირამ” ადგილობრივ მამაკაცთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა.

აღმოჩნდა, რომ არჩილ ქაქუთია ყოფილი პატიმარია, რომელსაც ციხეში წამების შემდეგ მართლა ამოაჭრეს  ჯანმრთელი ორგანო.

ისტორია, რომელსაც ჯიხაშკარელი მამაკაცი ყვება, მძიმე მოსასმენია.
როგორც თავად ამბობს, 2007 წელს ავტომანქანის ქურდობის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს, განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა. დაკითხვის შემდეგ ბრალი წაუყენეს და მოსთხოვეს, ცრუ თანამონაწილეებად აფხაზეთიდან კონკრეტული პირები დაესახელებინა. ქაქუთია ამბობს, რომ მან ეს არ გააკეთა, რის შემდეგაც, პოლიციის განყოფილებაში 3 დღის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ, შემდეგ კი, ციხეში გადაიყვანეს.
ჯიხაშკარელი ქაქუთია იხსენებს, რომ მას  საპყრობილეშიც არაადამიანურად ეპყრობოდნენ, რის გამოც ერთი თვის განმავლობაში ციხის საავადმყოფოში მოუწია მკურნალობა.საპყრობილეში მას ოპერაცია ჩაუტარეს და ჯანმრთელი თირკმელი სწორედ ამ დროს ამოაჭრეს.

“საკანში ნახევრად დანგრეული შემიყვანეს, ერთი თვით კლინიკა “კურაციოში” გადამიყვანეს… ბოდიში და უკვე სისხლზე გავდიოდი… მაშინ ციხის უფროსი ახალაია იყო. არაერთხელ მივმართე მას განცხადებით, რომ გარეთ გადავეყვანე, სხვა კლინიკაში… არადა არ ქნეს… საბოლოოდ, ოპერაცია გამიკეთეს და არ ვიცი როგორ, მაგრამ გაფუჭებული თირკმელი დამიტოვეს, მეორე ჯანსაღი თირკმელი კი ამომაცალეს…. მე რაც ვნახე ციხეში, რაც გადავიტანე, ღმერთმა ნურავის ანახოს… მახსოვს ექიმი, უროლოგი ცაცაშვილი, ისიც ვიცი, სად ცხოვრობს, ვაშლიჯვარში… თავის დროზე, ისიც სააკაშვილის გმირი იყო…სად მიჰქონდათ ეს ორგანოები, ღმერთმა იცის… მუხაძე, ოლეგ ფაცაცია, მუხურელი, ახალაიები… მაგათ დროს ხდებოდა ეს ყველაფერი... ციხიდან 2014 წელს გავთავისუფლდი… ვინც მე მცემა, იმას კი მოსთხოვეს მერე  პასუხი… სამი წლის წინ დააკავეს და სამი წელიწადი მიუსაჯეს… მეტი არავინ დასჯილა…”, – იხსენებს ყოფილი პატიმარი.

არჩილ ქაქუთია თავისი  ისტორიის გარდა, სხვა პატიმრების შესახებაც ყვება და ამბობს, რომ ის ერთადერთი არ იყო, ვისაც ციხეში ჯანმრთელი ორგანო ამოაჭრეს.

“თუ სწორად მახსოვს, 2010-ში ჩემს გვერდით იყო ასეთი პიროვნება – სენაკელი მალხაზ ჯელია…ცეროზი ჰქონდა… ღვიძლი ჰქონდა გადიდებული და მანდარინივით ყვითელი იყო. მახსოვს, შემოვიდნენ… “შმონი” მიდიოდა, ეს კაცი ვერ დგებოდა… შემოვიდა ოლეგ ფაცაცია, საბანი გამოუწია და ძირს დააგდო ამხელა კაცი… მეორე დღეს ეგ გაჭირვებული მორგში წაიყვანეს.

ორთაჭალის “რეზბალნიცაზე”,  შიგნით ეკლესია იყო. ეკლესიურად, დადგენილ დროებზე ხომ ირეკება ზარი – 3-ზე, 6-ზე, 9-ზე…. სხვა საათებში როცა ზარი დარეკავდა, ვიცოდით, რომ მკვდარი გაჰქონდათ… თან ისე, რომ ვინმეს არ დაენახა… ერთი კაცი იყო, სომეხი, ყასაბს ეძახდნენ, მაგი ჭრიდა, გამოშიგნავდა ხოლმე პატიმრებს… ყველა ვხვდებოდით  სინამდვილეში რომელ პატიმარს რა სჭირდა და რა – არა… მაგალითად, “ბრმა ნაწლავი” რომ აწუხებდა ადამიანს და საოპერაციოდ შეიყვანდნენ, შეიძლებოდა ღვიძლი ან სხვა ორგანო ამოეღოთ მისთვის…”, – ამბობს ქაქუთია.

რაც შეეხება ყულიშკარის შემთხვევას, ყოფილმა პატიმარმა “კვირას” აუხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა სანდრა ელისაბედ რულოვის საარჩევნო შეხვედრაზე მისვლაქაქუთია ამბობს, რომ მას სურდა, მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის პასუხი მოეთხოვა იმ დანაშაულებისთვის, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში ჩადიოდა, მათ შორის მის წინააღმდეგ.

“სანდრა რულოვსთან იმიტომ მივედი, რომ ეს შეკითხვა დამესვა…დღეს  ხალხს რომ ექადაგება და ახლა, მამა აბრამის ბატკანივით რომ გამოჩნდა, იმ დროს რატომ არ ამოიღო ერთი ხმა?… ამას ვაპროტესტებ მე… ანდა, გია ბარამიძე რომ დადის ზუგდიდში, მაგას საერთოდ რა საქმე აქვს, საერთოდ როგორ ჩნდება? მივმართავ სვანებს: სვანებო, სამეგრელოში საერთოდ არ შეუშვათ ეს ვიგინდარა! ცხონებული ომეხის ოჯახსაც მივმართავ…კიდევ, იმათ ოჯახებს, ვისი ახლობლებიც, მაგარი ხალხი დახოცა ამან… ბარამიძე საერთოდ რა უფლებით უნდა შემოვიდეს სამეგრელოში… მას ამის უფლება რატომ აქვს?!”, – აცხადებს არჩილ ქაქუთია.

ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ საკუთარ, მძიმე ისტორიას ენმ-ს ყველა წევრს, მათ შორის სანდრა რულოვსს ყველგან, ყოველთვის შეახსენებს და დასვამს იმავე კითხვას – “თირკმელი არ მაქვს, სად არის ჩემი თირკმელი?”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები