წმინდა სინოდი: ღვთის განგებით, ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება აღესრულა დიდ მარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში – ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მისი მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ

“ღვთის განგებით, ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება აღესრულა დიდ მარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში – ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მისი მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ”, – ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი.

საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, განჩინება საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო.

“მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული სამოციქულო ღვაწლი, ღვთისაგან განშორებული ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნება მხოლოდ ღვთისა და მამულებისადმი თავგანწირვით იყო შესაძლებელი. დიდ სიყვარულთან ერთად, კათოლიკოს პატრიარქი გამოირჩეოდა ღვთივმინიჭებული სიმდაბლითა და სიბრძნით. 49 წლის განმავლობაში მან ბეწვის ხიდზე ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. ამ უდიდესი მწუხარების წუთებში ჩვენ ასევე გვეუფლება რწმენა იმისა, რომ უწმინდესობა პირნათელი წარდგა ღვთის წინაშე, რომ მის სულს უფალი დაამკვიდრებს ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელს, სადაცა მართალნი განისვენებენ. გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვლავაც გაგვაძლიერებს სულიერად და განგვინათლებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას. დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში. უპირველესად ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში. ქრისტეს მიერ სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა. წმინდათანა განუსვენოს უფალმა ახლად შესვენებულსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიას და და უმკვიდროს მას სასუფეველი ცათა, ამინ“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები