მეუფე შიო: ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული, ჩვენ კი ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, ძნელია დღეს საქართველოს და ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორეს გარეშე.
„კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ჩემო ძვირფასო, საყვარელო ადამიანებო. ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული, ჩვენ კი შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოს და ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორეს გარეშე, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის. ამის ჩვენ გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.
ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სამების ტაძარში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.