წმინდა სინოდი: გვეუფლება სასოება, რომ ილია მეორის ლოცვა კვლავაც გაგვაძლიერებს სულიერად, განგვინათლებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე
“გვეუფლება სასოება იმისა, რომ ილია მეორის ლოცვა კვლავაც გაგვაძლიერებს სულიერად, განგვინათლებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას”, – ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი.
საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, განჩინება საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო.
„საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოს:
ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, გისამძიმრებთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილია მეორის გარდაცვალებას. მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკურობისა იგი ჭეშმარიტად იყო, არის და იქნება მამა საქართველოსი. უცხოეთიდან შემოსული სამძიმრის წერილებში აღნიშნულია, რომ იგი დააკლდა არამარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსა და მთელ მსოფლიოს”, – აღნიშნულია განჩინებაში.