“ჩვენ რომ ერთმანეთი გვყვარებოდა, ამისთვის იღვაწა პატრიარქმა; როგორც ახლა ვართ გაერთიანებული, ღმერთმა ეს ერთობა არ მოშალოს” – მამა შალვა
“დღეს ჩვენ, ყველა ჭირისუფლები ვართ და ყველა განვიცდით ამ დღეს. ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ დღეს ამ გზაზე მივაცილებთ და უწმინდესი უნდა ავაცილოთ სამებაში და მერე უნდა დაიკრძალოს”, – ამის შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ მსვლელობის დროს განაცხადა.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ქართველებს რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ამისთვის იღვაწა პატრიარქმა.
“ეს დაუჯერებელი რამეა, ვერაფრით ვერ ვიჯერებთ ამას. ამ გზაზე რომ მოვდიოდით, მახსენდებოდა, როდესაც სამების ტაძრის ჯვარი აბრძანდა და დღეს პატრიარქს მივაბრძანებთ. დაგვილოცოს ღმერთმა ჩვენი უწმინდესი, იქიდან ჩვენთვის ილოცებს და ერთადერთი რამე მინდა ვთხოვო ყველას, რომ რასაც პატრიარქი ჩვენ გვთხოვდა შეგვესრულებინოს – ქართველებს ერთმანეთი შეგვეყვარებინოს და ერთმანეთის პატივისცემა გვესწავლოს, რის გამოც იღვაწა პატრიარქმა. ჩვენ რომ ერთმანეთი გვყვარებოდა, ამისთვის იღვაწა პატრიარქმა. როგორც ახლა ვართ გაერთიანებული, ღმერთმა ეს ერთობა არ მოშალოს”, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.