ალექსანდრე მოწერელია: დაუპატიჟებელმა სტუმრებმა პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ
სამეგრელო ზემო-სვანეთის რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ოპოზიციას მოუწოდებს, სამეგრელოში პროვოკაციების მოწყობისა და საზოგადოების დაპირისპირებისგან თავი შეიკავოს.
“ჩვენ არ გვჭირდება ის დაუპატიჟებელი სტუმრები, რომლებიც დღეს აქ მოდიან და ქმნიან დაპირისპირების საშიშროებას. გუშინ ჯიხაშკარში მოხდა ფაქტი, როდესაც ჩვენს მხარდამჭერს შეუცვივდნენ და მინდა, ყველას ვთხოვო მსგავსი პროვოკაციებისა და სამეგრელოში დაპირისპირების შემოტანისგან თავის შეკავება. გვაქვს არჩევნები და გვაცადონ მშვიდ გარემოში მუშაობა”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მოწერელიამ გიორგი შენგელიას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატად სუფთა წარსულისა და პროფესიონალიზმის გამო შეარჩია.
“გეგას შესახებ მინდა, მოგახსენოთ, რომ როდესაც საკითხი დადგა, ვინ უნდა ყოფილიყო ზუგდიდის მერი, განმსაზღვრელი ფაქტორი იყო, რომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო სუფთა წარსულით; თქვენ წინაშე უნდა წარმდგარიყო წელში გამართული; უნდა ყოფილიყო ადგილობრივი, რადგან მხოლოდ ადგილობრივმა იცის, რა უჭირს მუნიციპალიტეტს. გვჭირდებოდა მეურნე ადამიანი და ასეთი ადამიანი შევარჩიეთ. გიორგი შენგელიას აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნის დიდი გამოცდილება. კოლექტივი, ვისაც გეგა ხელმძღვანელობდა, მას საუკეთესოდ ახასიათებს. არის მეოჯახე, სამი შვილის მამა; არის ადამიანი, ვისთანაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მიბრძანდეთ და ესაუბროთ პრობლემებზე. თქვენ წინაშე არის ადამიანი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების უპრეცენდენტო მხარდაჭერით უამრავ პროექტზე იმუშავებს. ჩვენ არ გვჭირდება, სამეგრელო ისევ იყოს დაპირისპირებისა და პოლიტიკური ექსპერიმენტების კერა. ჩვენ გვჭირდება სამეურნეო საქმეების მოგვარება, რომ 21-ე საუკუნეში ყველას გვქონდეს გაზი, წყალი. ამისთვის გეგას სჭირდება სამუშაო გარემო, რომ მშვიდ ვითარებაში განხორციელდეს ყველაფერი. გარწნუნებით, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მეურნე ადამიანია საჭირო”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავაც იმყოფებოდა. მან მოსახლეობას გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა გააცნო, რის ფარგლებშიც სამეგრელოს 75 სოფელი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება.