ირაკლი ზარქუა: ოპოზიციის განცხადებები შოუს დადგმის მცდელობაა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის განცხადებებს თაბორის მთასთან მდებარე მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით “შოუს დადგმის მცდელობა” უწოდა.
მისივე თქმით, ამ განცხადებებს საფუძველი არ გააჩნია. ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, საქმე ეხება უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, რომელსაც დღეს საკრებულო მიიღებს.
„ეს საკითხი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით იყო განხილული. ბიზნესსა და მერიას შორის შეთანხმება ხდება, რომლის საფუძველზეც, დაახლოებით, 3 ათას 480 კვ.მ. ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა და მოხდა ადგილმონაცვლეობა. მინდა განვაცხადო, რომ ბიზნესს ჰქონდა მშენებლობის ნებართვა და დადებითი დასკვნა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მხრიდან. არანაირი შემზღუდველი ფაქტორი არ არსებობდა, რომ ამ ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენებულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესს ეს მიწის ნაკვეთები წინა ხელისუფლების პირობებში აქვს შეძენილი. კომპანიასთან მოლაპარაკების საფუძველზე მოხდა ადგილომონაცვლეობაზე შეთანხმება და ბიზნესმენს მუხიანის ტერიტორიაზე გადაეცა მიწის ნაკვეთი. თაბორის მთასთან არსებული მიწის ნაკვეთი შეაფასა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ და დაადგინა ფასი. სხვაობას თავად ბიზნესის წარმომადგენელი გადაიხდის – მილიონ 117 ათას ლარს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ძნელი წარმოსადგენი არ არის ოპოზიციის განცხადებები იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი შეთანხმება არ შედგებოდა და ბიზნესი თაბორის მთაზე სასტუმროს ააშენებდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები