ვახტანგ ჭარაია: “სტანდარტ ენდ პუარსის” გადაწყევტილება საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას წარმოაჩენს

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის – “სტანდარდ ენდ პუარსის” მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესების ფაქტს აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული რეიტინგი ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას წარმოაჩენს.
“სტანდარტ ენდ პუარსმა” საქართველოს 2011 წლის შემდეგ, პირველად გაუუმჯობესა რეიტინგის პერსპექტივა, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია და წარმოაჩენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის: ადგილობრივი და გარეშე შოკებისადმი მდგრადობის, ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო რეზერვების და სახელმწიფო საგარეო ვალის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების, რეფორმების წარმატებულობის და სხვა მრავალი კუთხით. ამასთან ერთად, ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს, გააუმჯობესოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგიც ექსპორტის და სავალუტო რეზერვების მაჩვენებელის შემდგომი ზრდის შემთხვევაში, რაც მიუღწეველი პირობა ნამდვილად არ გახლავთ,” – განაცხადა ჭარაიამ.
როგორც მან აღნიშნა, წარმატებებთან ერთად, “სტანდარტ ენდ პუარსი” ქვეყნის სუსტ მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, იმპორტდამოკიდებულებასა და აგრეთვე, მცირე დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტზე, რომელიც ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდქუციაზე მოდის, სადაც, თავის მხრივ, მოსახლეობის ძალიან დიდი წილია დასაქმებული (დაახლოებით 40 პროცენტი), სამწუხაროდ, არაეფექტიანად. ​ჭარაიას თქმით, ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავსი საკითხები ქვეყნისთვის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას აფერხებს.
მასში აგრეთვე, ყურადღება გამახვილებულია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზეც, თუმცა მიჩნეულია, რომ მათი ესკალაციის წინაპირობა არ არსებობს და დამატებით რისკებს ქვეყანა ამ მხრივ არ უნდა ელოდოს.
“რეიტინგებში წინსვლის გარეშე ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არის შეუძლებელი. “სტანდარტ ენდ პუარსი” და მსგავსი დონის სხვა რეიტინგები ასახავენ და დიდწილად განაპირობებენ საქართველოს დღევანდელ დღეს და მის მომავალსაც”, – განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები