ე.წ. სამხრეთ ოსეთი შესაძლოა, ბუნებრივი აირის სატრანზიტო ტერიტორია გახდეს, მათ შორის – საქართველოსთვისაც
ე.წ. სამხრეთ ოსეთი მომავალში, შესაძლოა, სატრანზიტო ტერიტორია გახდეს ბუნებრივი აირის გადასატანად, მათ შორის – საქართველოსთვისაც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ცხინვალში ჩატარებული კომისიის სხდომაზე საერთაშორისო საქმეებში ფედერაციული კავშირის კომიტეტის წევრმა, სერგეი ცეკოვმა გააჟღერა.
“რიგითი მოქალაქისთვის შესაძლოა, გაუგებარი იყოს აღნიშნული შეთანხმება, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია. აშენებულია ფართომასშტაბიანი გაზგამტარი “ძურიკაუ- ცხინვალი” და ე.წ სამხრეთ ოსეთი შესაძლოა, გაზის გადატანის სატრანზიტო ტერიტორია გახდეს, მათ შორის – საქართველოშიც”, – განაცხადა სერგეი ცეკოვმა.
თავდაპირველად გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაციის სამუშაოები “გაზპრომის” მიერ შესაძლოა, 2019 წლის ბოლოს დაიწყოს.