„ისევ გავიმეორებდი ჩემს ცხოვრებას“… – როგორ იხსნება მუზების სამყარო ხუთი შვილის დედისთვის

ლექსებს ბავშვობიდან წერდა, ხატვას და ხელსაქმესაც ბავშვობიდან ეზიარა. მისი 6 წიგნი გამოიცა. პირველ კრებულს ერქვა – ,,ჩემს სიზმრებს თქვენთვის მოფარდაგებულ ლექსებად გავშლი“.
ორი პერსონალური გამოფენის ავტორია. ხელოვნების პედაგოგს და 5 შვილის დედას, მუზასთან პირისპირ დარჩენა სხვა სამყაროში მოგზაურობა უბედნიერეს გაელვებად მიაჩნია.
ახლახან ათენში მისი წიგნების წარდგენა გაიმართა.  ამბობს, რომ მალე მკითხველი მისი ლექსების ახალ კრებულს მიიღებს და პერსონალური გამოფენაც იგეგმება. – პედაგოგ ხათუნა ჩიტაძის პერსონა.

– დავიბადე ქალაქ ხაშურში, 1977 წელს. მამა, სერგო ჩიტაძე, პროფესიით ქირურგი გახლდათ. დედა, მანანა მარაბდელი – პედაგოგია.
– ლექსები, ხელსაქმე, წერა…
– 5 წლის ასაკიდან ვწერ ლექსებს, წერა არ ვიცოდი, ზეპირად ვამბობდი და დედა იწერდა.
ხატვა რამდენიმე წელია დავიწყე, არსად ისწავლის, ისე, ჩემთვის ვხატავ.  მიხარია და ვხატავ, აი, ხელსაქმე კი ლექსის წერასთან ერთად დავიწყე. თავდაპირველად დედოფალებს ვუკერავდი ამბებს, მოგვიანებით,  7 წლის ასაკში კი, ქარგვა შემიყვარდა.
16 წლის ასაკში ინტენსიურად ვგზავნიდი ნაქარგებს მხატვართა სახლში და ვთანამშრომლობდი. საქართველოს მხატვართა კავშირის ოსტატი ვარ ნაქარგობის ხაზით.
–  პირველი ლექსები…
– პირველი ლექსები ყვავილებზე მქონდა, ჩვენს ეზოში უამრავი ყვავილი იყო და ამან გამოიწვია ემოცია… შემდგომ სიყვარულს მივუძღვენი ლექსები.
– 6 წიგნის ავტორი ხართ…
– პირველი წიგნი 2009 წელს, ბატონი მურად მთვარელიძეს რედაქტორობით გამოიცა. კრიტიკული ლექსები, პატრიოტული მოტივებიცაა, ეს წიგნი პირველი პირმშოა და უზომოდ მიყვარს. ,,ჩემს სიზმრებს თქვენთვის მოფარდაგებულ ლექსებად გავშლი” – ასე ჰქვია კრებულს.
სკოლაში 17 წლის ასაკიდან ვმუშაობ, მაქვს უწყვეტი სტაჟი. თავიდან შრომის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, შემდეგ შრომის საათები გაუქმდა და ხელოვნება დაერქვა  და მეც მივყევი დინებას..
ექვსი წიგნის ავტორი ვარ და მალე მზია ხეთაგურის რედაქტორობით გამოვა ლექსების ახალი კრებული.
– კრებულიდან კრებულამდე…
– ის პროცესი, რასაც ლექსის წერა ჰქვია, ყველაზე ლამაზი ემოციაა და იმ წამებსა და წუთებში ვარ ის, ვინც სინამდვილეში ვარ.
ლექსის წერა ჩემთვის ყველაზე დიდი თავისუფლებაა, რაც შეიძლება მქონოდა და მაქვს კიდეც –  შეუდარებელ განცდას, ყველაზე ლამაზ სულისმიერ მდგომარეობას დავარქმევდი.
– პერსონალური გამოფენების ავტორი ხართ…
– 2 პერსონალური გამოფენა მქონდა ხაშურის მუზეუმში, გორში. ხაშურობაზე უკვე მესამე წელია იფინება ჩემი ნახატები, წელს გორის დღეებზე ვიყავი წარდგენილი პერსონალური გამოფენით. გამოვყოფ შარშანდელ გამოფენას მუზეუმში, ზაფხულში, ერთი თვე დაჰყო ნახატების მთავარ დარბაზში.
– როგორც ხელოვნების პედაგოგი, რომელ პრობლემაზე გაამხვილებდით ყურადღებას?
– ხელოვნების სიყვარული ყველა ბავშვია, მთავარია, სათქმელი სწორად მივიტანოთ ბავშვთან. ბავშვები ყველაზე დიდი ხელოვანები არიან. მე ჩემი მოსწავლეებისგან ვსწავლობ, რადგან მათ მარტივ ნახატებშია ყველაზე გულწრფელი ჭეშმარიტებანი, მე კი, რაც შემიძლია, ვაწვდი მათ. პრობლემაა სოციალური მდგომარეობა, არ აქვთ ნივთები.
ფიქრობ, სახელმწიფომ სკოლებისთვის უნდა გამოყოს ის თანხა, რაც მოსწავლეების ხელოვნების ნივთების შეძენას მოხმარდება, ანუ აღჭურვილი იყოს ხელოვნების კაბინეტი, ანდა უზრუნველყოს იმ მასალით, რაც ყველა ბავშვს თანაბრად მისცემს  მუშაობის საშუალებას.
ხელოვნების წიგნები ჯერ კიდევ დასახვეწია, მათში არ არის სრულყოფილი მასალა.
– ხუთი შვილის დედა ხართ… ერთ ლექსში ამბობთ: „ვგავარ ზღვას გაფენილ იალქანს, რომელსაც მესაჭედ ჰყავს მზე და ბავშვები, დედა კი თავად ჰგავს ნიავ-ქარს“…
– ხანდახან სევდა შემოდის. სატკივარი სათქმელს თავად ყვება და ლექსებში აირეკლება ყოველდღიური უფერული ფანტომი…
– ალბათ ძალიან ძნელია, მრავალშვილიანი ოჯახის დედობა და თან შემოქმედებითი საქმიანობა…
–  დიდი ოჯახი, ნამდვილად ძნელია, მაგრამ ხალისს შვილები გვმატებენ. ზოგჯერ ტვირთი ტყვიასავით მძიმეა,თუმცა უფალი ხედავს ჩვენს მცდელობებს და გზას, რომელსაც წრფელი გულით ვადგავართ, წინაღობები ვერაფერს აკლებს.
ძირითადად ღამე ვმუშაობ, როდესაც ოჯახს სძინავს, მაშინ ჩემთვის სხვა სამყარო იხსნება, მართალია მცირე ხნით, მაგრამ საკმარისია მაინც.
დრო არ მყოფნის, ზოგჯერ ვერ ვეწევი, ვინატრებდი მეტ დროს და უფრო გრძელ დღეებს…
დიდი შვილები მყავს, აქედან 3 ქალიშვილი და 2 ვაჟი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დედობა გამართლებული და დაფასებულია. საოცრად ნიჭიერი, წარმატებული და მშვენიერი შვილები მყავს. მეუღლესთან ერთად, უკვე 25 წელია ვეწევი ცხოვრების ჭაპანს.
მართალია უამრავი სიძნელე, გაჭირვება და იმედგაცრუება გადავიტანე, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, მაინც არ შევცვლიდი არაფერს და ისევ გავიმეორებდი ჩემს ცხოვრებას…
– ახლახან საბერძნეთიდან დაბრუნდით
– საბერძნეთში მოგზაურობა ბავშვობის ოცნება იყო, ამ ოცნების ასრულებაში ჩემი ქალიშვილი, თამარი დამეხმარა. მშვენიერია იგი ყველა თავისი ღირსშესანიშნაობით, ადამიანებით, რომლებიც ძალზე თბილად მხვდებიან.
ეს მშვენიერების, დიდი ხელოვნების და სრულყოფილების განცდაა, დიდხანს გამყვება და ვფიქრობ, ჩემს ნაწარმოებებშიც ჰპოვებს ადგილს…
ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ ,,კავკასიაში“ თქვენი  წიგნების წარდგენაც გაიმართა…
შეხვედრა თითქმის დაუგეგმავად მოხდა. საბერძნეთის დასათვალიერებლად ვიყავი წასული. დიდი ხნის ნაცნობებთან მეგონა თავი. გულთბილად დამხვდნენ,  მთხოვეს, კიდევ ჩავიდე და ვიმეგობროთ.
საღამო ათენში მცხოვრები ემიგრანტი პოეტის რუსუდან ჯანელიძის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრო საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიკა ჯანელიძე, მასპინძელი ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე, სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა ხულუზაური.
– ჰობი…
– ჰობია ხატვა…
– ადამიანები, რომელთაც  მადლიერებით გაიხსენებდით…
მამა… გზა, რომელიც ყოველთვის სწორ მიმართულებას მიჩვენებს… გეგმებს გზადაგზა ვალაგებ, თუმცა ახლა ჩემი ყურადღება ახალ წიგნს ეთმობა. ასევე ვემზადები  ახალი გამოფენისთვის.
– ერთი ლექსი…

***                                                                                           

წარსული არასოდეს ნელდება,
უბრალოდ, შეიძლება მიაძინო.
გონება ბოლოს მაინც ნებდება
გულის მათრობელა შარბათ-ღვინოს.
ტკივილი მცირეოდენ ყუჩდება,
თუკი უწამლებ და დაიამებ,
დროებით განდეგილიც უჩუმდება
სულის მწარე ტკივილს და იარებს.
ოცნება არასოდეს მთავრდება და
იმედი, რა თქმა უნდა, ბოლოს კვდება!
მერე ყველაფერი გვარდება და
მაინც ყველაფერი მეორდება!

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები