დე-ფაქტო აფხაზეთის “მინისტრი” ზურაბიშვილის განცხადებაზე: ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს სხვა საკითხებზე, ეს ყველაფერი, უბრალოდ, ლაპარაკია
დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო მინისტრმა, დაურ კოვემ უსარგებლო უწოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას დე-ფაქრო აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებების წარმოების ფორმატის შეცვლის აუცილებლობის შესახებ. “მე მივიჩნევ, რომ ქართულმა მხარემ, უშუალოდ კი ხელისუფლებამ, უნდა იზრუნოს სხვა საკითხებზე, კერძოდ კი – საქართველოსა და აფხაზეთს, შესაბამისად, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერაზე. დანარჩენი საუბარი ფორმატის შეცვლის პროდუქტიულობაზე არაპროდუქტიულია – ეს ყველაფერი, უბრალოდ, ლაპარაკია”, – განაცხადა დაურ კოვემ. მისი თქმით, ჟენევის დისკუსიის ფარგლებში თავდასხმის არგახორციელების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა, იურიდიულად, პასუხისმგებლობას აკისრებს მხარეებს. “სამწუხაროდ, ჩვენ არაკონსტრუქციულ მიდგომას ვხედავთ საქართველოს მხრიდან”, – განაცხადა დე-ფაქტო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესმდივნის განცხადებით, ის მიიჩნევს, რომ საჭიროა, შეიქმნას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ახალი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება, პოლიტიკური დიალოგები ჩატარდეს დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებზე.