“დარწმუნებული ვარ, ხანძარი ჭანტურიამ­ გააჩინა და ამისთვის ბიჭი დაიქირავა”, – რა მოხდა დიდ დიღომში

17 მარტს, დიდ დიღომში, “ტექნოლ­უ­­ქ­სის” საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 1800 კვადრატული მეტრი დაიწვა და რამდენიმე­ კომპანიას (“ვიტაკ ჯორჯია”, “აკვა პლუსი”, “მაგი” და NM Group-ი) ასიათასობით ლარის ზარალი მიადგა. ხანძრის მიზეზად არაერთი ვერსია დასახელდა, მაგრამ გამოძიებას ზუსტი ინფო­რმაცია, ჯერჯერობით, არა აქვს. ხანძრის დროს, მეხანძრე-მაშველებმა გადაარჩინეს მოქალაქე, რომელიც იმ ტერიტორიაზე ფეხმოტეხილი იპოვეს…გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას აღნიშნული ტერიტორიის ერთ-ერთი მეპატრონე, პაატა ნოზაძე თავის ბიზნესპარტნიორს, თენგიზ ჭანტურიას ხანძრის განზრახ გაჩენაში ადანაშაულებს და სკანდალურ ვერსიას აჟღერებს: “99%-ით დარწმუნებული ვარ, ხანძარი ჭანტურიამ­ გააჩინა და ამისთვის ბიჭი დაიქირავა. იმ 1%-ს ვუტოვებ საგამოძიებო უწყებას და ვაძლევ შანსს, გამოავლინოს დამნაშავე”. როგორც ირკვევა, ბიზნესმეწილეებს 5-წლიანი დავა აქვთ და პაატა­ ნოზაძემ, ამ ხნის განმავლობაში, თენგიზ ჭანტურიას წინააღმდეგ სასამართლოში 23 საჩივარი შეიტანა. ნოზაძე სწორედ ამ დავას უკავშირებს­ ცეცხლის გაჩენას და დასძენს, რომ მის ოპონენტს მფარველი ჰყავს, რომლის ვინაობასაც, ამ ეტაპზე, არ ასახელებს; თუმცა, გვპირდება – თუკი საგამოძიებო უწყებებმა ამჯერადაც ჭანტურიას დანაშაული “ვერ დაინახეს”, ყველაფერს ხმამაღლა იტყვის, მათ შორის, გაამჟღავნებს მფარველთა გვარ-სახელებსაც. “2006 წელს, მე და თენგიზ ჭანტურიამ შევქმენით კომპანია, სადაც 50-50%-იან წილებს ვფლობდით. 2014 წლიდან, ჩვენ შორის ურთიერთობა­ დაიძაბა და, 5 წლის განმავლობაში, სასამართლოში დავა გვაქვს. ბოლოს, იქამდე მივედით, რომ ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, 4-მეტრიანი რკინის ღობით გავმიჯნეთ… ჭანტურიას მხარეს, ღობესთან, დალაგებული იყო თაროები, რომლებიც მე აუქციონზე ხანძრამდე ვიყიდე, მაგრამ ვერ გამომქონდა და შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გავიტანე. ის სწორედ გამყოფ­ ღობესთან იყო დალაგებული. ჩემს ვერსიაში, რომ ხანძარი ჭანტურიამ გააჩინა, ეჭვი არ მეპარება და ამ დასკვნამდე ფაქტებით მივედი… ბიჭმა, რომელიც ხანძრის დროს ტერიტორიაზე ფეხმოტეხილი იპოვეს, ვფიქრობ, წინასწარ იცოდა, რომ იქ თაროები დახვდებოდა და ჩვენ მხარეს მისი მეშვეობით გადმოვიდოდა; მაგრამ რომ აღარ დახვდა, იქვე კიბე იპოვა და 4-მეტრიან ღობეს მიადგა­. თუმცა, ის არ იცოდა, რომ კიბეს ერთი ფეხი მორყეული ჰქონდა და ჩამოვარდა. თენგიზ ჭანტურიას მხარეს კართან ფეხმოტეხილი ეგდო. მტკივან ფეხზე ქამარი ჰქონდა შემოჭერილი და ტერიტორიიდან გაღწევას ცდილობდა. ჩემი ვერსიით, ეს ბიჭი შემოვიდა ჭანტურიას მხრიდან, კარი გასაღებით გააღო და 4-მეტრიანი რკინის ღობიდან ჩვენ მხარეს, სავარაუდოდ, “მოლოტოვის კოქტეილის” მსგავსი ასაფეთქებელი გადმოაგდო.­ კიბეზე ასვლა კი იმისთვის დასჭირდა, რომ დამიზნებით ესროლა საწყობისთვის, რათა ცეცხლი სწრაფად გავრცელებულიყო და იქაურობა გადაეწვა…კარი ჩვენ მხარესაც არის, მაგრამ ბიჭი იქედან არ შემოსულა, რადგან სიგნალიზაცია გვქონდა და კარი რომ გაეტეხა, მაშინ ჩაირთვებოდა. თუმცა, როგორც კი ხანძარი გაჩნდა, კვამლის დეტექტორი ჩაირთო”, – აცხადებს ნოზაძე.
წყარო “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები