ირაკლი კვარაცხელიას ძმა: ნაწამებია ჩემი ძმა, ის თავს არ მოიკლავდა, პირიქით, სულ ამბობდა, ეს ხომ ღვთის უარყოფააო

“ნაწამებია ჩემი ძმა. ის თავს არ მოიკლავდა; პირიქით, სულ ამბობდა, ეს ხომ ღვთის უარყოფაა და ვლოცულობ, რომ დედაჩემი მიიღონ სასუფეველშიო”, – ამის შესახებ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში 10 მარტს, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ნახევარძმა, პაატა უზარაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
“ირაკლის წარბზე ნახეთქი ჭრილობა აქვს, თვალები და ყურის არე ჩალურჯებული, კუჭის თავი გაშავებულია. ეტყობა, დიდხანს ურტყეს – ღვიძლისა და საშარდე ბუშტის არეები სულ დალურჯებულია. ბეჭი დანით ჩაჭრილივით აქვს, კისერზე – ჭრილობა, ხერხემლის არე და ფეხები კი დალილავებული… ნაწამებია ჩემი ძმა. ის თავს არ მოიკლავდა; პირიქით, სულ ამბობდა, ეს ხომ ღვთის უარყოფაა და ვლოცულობ, რომ დედაჩემი მიიღონ სასუფეველშიო. 2 წელია, ძმებს ერთმანეთი არ გვინახავს, ნათესავებს გვემალებოდა. ბოლოს რომ ვნახე, პურის ფული არ მაქვს და თუ გაქვს რამე ხურდა, მომეციო. რაც მქონდა, მივეცი. ძალიან წვალობდა – სამუშაოდ ხან აფხაზეთში გადადიოდა, ხან – თურქეთში. სხვებს დაეხმარებოდა, თვითონ კი სხვას არაფერს სთხოვდა. ეტყობა, იმ დღესაც, სამუშაოდ გადადიოდა და დაუკავებიათ. კონფლიქტი მოსვლია. როგორც მითხრეს, სილა გააწნა თურმე ჯარისკაცს. ჩანს, ეს არ აპატიეს და წამებით მოკლეს. “სასწრაფო” რომ მისულა ბაზაში, უკვე მკვდარი ყოფილა. თვითმხილველები არიან, მაგრამ ვინ ამოიღებს ხმას? ყველას აფრთხილებენ, ხმა არ ამოიღოთო. ირაკლის 9 წლის გოგო დარჩა. ჩვენ, ყველანი, დევნილები ვართ. არავის არაფერი გაგვაჩნია. ამდენი წელია, მდგმურად ვარ. სახელმწიფოსგან არაფერი მიმიღია. ვთხოვ სახელმწიფოს, ბავშვს მაინც მისცეს ჭერი”, – აცხადებს ირაკლი კვარაცხელიას ძმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები