იუსტიციის სამინისტროსა და Eurojust-ს შორის 2015 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა

 

მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ევროპარლამენტმა, პლენარულ სესიაზე, კენჭი უყარა და დაამტკიცა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი EUROJUST-ის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
Eurojust-ი ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანოა, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორი –  ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას შესაბამის უწყებებს შორის, აგრეთვე –  მეკავშირე ოფიცრების, ან მეკავშირე მაგისტრატების დანიშვნას.
„საქართველოსა და Eurojust-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებს  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უძღვებოდა. მოლაპარაკებების პროცესში, არაერთი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის − უმაღლეს დონეზე. იუსტიციის მინისტრის პირველი შეხვედრა ევროჯასტის პრეზიდენტ მიშელ კონინქსთან 2015 წლის 29 სექტემბერს შედგა. პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა 2018 წლის იანვრიდან, როდესაც ქართული დელეგაცია, იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა ჰააგაში Eurojust-თან ოფიციალურ მოლაპარაკებებზე და საქართველოს გადმოეცა ორმხრივი შეთანხმების პროექტი. სააგენტოსთან ოფიციალური მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი გაიმართა 2018 წლის 16 აპრილს, როდესაც, მხარეებს შორის, შეჯერდა ტექსტის პროექტი. შეთანხმების პროექტი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გავლით განიხილეს შესაბამისმა უწყებებმა. 2018 წლის 3 ივლისს, ქართული მხარის მიერ პარაფირებული შეთანხმების პროექტი მიეწოდა Eurojust-ს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მიერ დოკუმენტის შემდგომი განხილვისა და შიდა პროცედურების გავლის მიზნით. საგულისხმოა, რომ სააგენტოსთან მოლაპარაკებებსა და საქართველოში გასატარებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს ხელმძღვანელობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
„საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის – იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა. სააგენტოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემასთან საქართველოს თანამშრომლობას და შექმნის დამატებით ინსტრუმენტს დანაშაულთან, მათ შორის – ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულებთან კოორდინირებული ბრძოლისათვის. „ევროჯასტსა“ და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადასვლა მიუთითებს იმას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა − საგამოძიებო, პროკურატურა, სასამართლო − ევროპის მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტების შესაბამისია; ნიშნავს მეტ კვალიფიკაციას, ევროპული სამართლის პროცესებში მონაწილეობას;  გულისხმობს ტრანსნაციონალურ დანაშაულებებთან კოორდინირებულ ბრძოლას; ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებასა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას“,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
ცნობისთვის, 2015 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკება იუსტიციის სამინისტროსა და Eurojust-ს შორის ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სისტემასთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ დღეს წარმატებით დასრულდა − უახლოეს პერიოდში,  საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის შეთანხმებას ხელი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს გენერალური პროკურორისა და „ევროჯასტის“ პრეზიდენტის მიერ მოეწერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები