ირაკლი კობახიძე: შეიძლება, ვერ აბრუნებენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე, ერთის მხრივ უნდა შეგვეცოდოს ეს ადამიანები, იმიტომ, რომ მძიმე პროცესში არიან შესული და მეორეს მხრივ, ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან

რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონების მცდელობა რეალურად, წარუმატებელია იმ გაგებით, რომ მათ ვერ შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს აღწევენ – ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული არ არის, სიძულვილი სჭარბობს საზოგადოებაში, ეს მათთვის უკვე შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის კუთხით ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილზეა, თუმცა რომ არა რევოლუციების მცდელობა გასული 4 წლის განმავლობაში, ქვეყანას გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა.

„ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებლები – 9,7%-ია საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რითაც პირველ ადგილზე ვართ ევროპაში, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში არ გვქონდა ხუთიდან არც ერთი რევოლუციის მცდელობა, ქვეყანაში იყო სიმშვიდე, არავითარი არეულობის მცდელობა და ა.შ. 9,7% იქნებოდა სავარაუდოდ 12,7%. თავის მიზანს რაღაც დონეზე მაინც აღწევენ და ამითაც კმაყოფილი არიან, რომ რუსთაველზე რომ გამოდის 150 კაცი, შეიძლება, მაგალითად 0,1%-ით აფერხებს ეს ეკონომიკურ ზრდას და ეს უკვე შედეგია მათთვის, ბედნიერები არიან მათი პატრონები. შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე, საუბრობენ ტელევიზიიდან და სიძულვილს ავრცელებენ, ეს არის სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ უნდა შეგვეცოდოს ეს ადამიანები, იმიტომ, რომ მძიმე პროცესში არიან შესული და მეორეს მხრივ, ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები