ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლალი გულისაშვილის ახალი პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება

14 თებერვალს, 18:30 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლალი გულისაშვილის პოეტური კრებულის – „ლექსების“ წარდგენა გაიმართება, რომელიც „სიესტამ“ გამოსცა.

ავტორის მონოლოგი:
„თუკი რაიმე გამაჩნია კარგი, როგორც ადამიანსა და პიროვნებას, მხოლოდ იმიტომ, რომ დავიბადე და გავიზარდე კახეთში, გიორგიწმინდაში, სწორედ იმ სახლსა და იმ ადამიანთა გარემოცვაში, რომელთაც ჩემი საგვარეულო, მშობლები, ახლობლები და სამეზობლო ერქვა.
სულ არ მინდა, მეცხრამეტე საუკუნის ბიოგრაფთა სტილი შევიტანო ჩემს უბადრუკ ნაწერში, მაგრამ საოცარია, ადამიანი თუ დაფიქრდება თავის წარსულზე, პირველსავე წინადადებას ამ სტილით იწყებს.
უფრო მარტივი და კონკრეტული რომ ვიყო, დვიბადე 1955 წლის 10 პრილს, მშობლების სახლში. ოჯახში ყველა თაობა იყო. პაპა – მიხეილ გულისაშვილი, ცნობილი მწიგნობარი და კოლორიტი, ბებია – მარიამ ოქრომჭედლიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქაშვეთის ეკლესიის მღვდლის – ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის („ჯადო მღვდლის“)შვილი. მამა – ჯიმშერი , ისტორიისა და გერმანული ენის მასწავლებელი, გომბორის სკოლის დირექტორი. დედა – ნინა მანაგაძე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი.ჩემი დიდი პაპა – იერემია გულისაშვილი , ცნობილი პედაგოგი იყო, აჭარასა და ზუგდიდში სკოლების დამაარსებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზგოგადოების წევრი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი და თანამოაზრე, სოლომონ და ლენტო გულისაშვილები, შეპყრობილნი იდეით, რომ სოფელს განათლებული ადამიანი სჭირდება, ამიტომ რუდუნებით ასწავლიდნენ ფრანგულს, რუსულს, გერმანულს, სბუნებისმეტყველო საგნებს… მოარულ ფრაზად იყო ცნობილი, სოლომონ გულისაშვილმა რომ უარი თქვა სკოლის დირექტორობაზე – ცოტა ფრანგული არ ვიცი კარგადო… მაგრამ ეს იყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს…
სკოლა 1972 წელს დავამთავრე და იმავე წელს ჩავაბარე თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. დამთვრებისთანავე დავიწყე მუშაობა შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტში. პარალელურად ვმუშაობდი ე.წ. გერმანულ სკოლაში, პეტრიაშვილზე, ბოლოს დირექტორიც ვიყავი.
ჩემი ცხოვრება იმ კეთილმა და უანგარო ადამიანებმ განსაზღვრეს, რომელთა გარეშეც ვერაფერს მივაღწევდი. უნივერსიტეტში ასეთები იყვნენ ბატონები – გრივერ ფარულავა, რეზო სირაძე, თემო მაღლაფერიძე….ლიტ. ინსტიტუტში – ალექსანდრე კალანდაძე, გურამ გვერდწითელი, ზაზა აბზიანიძე… დავიცავი დისერტაცია თემაზე: „მეოცე საუკუნის 10-იანი წლების ლიტერატურულ-კრიტიკული ნააზრევი“. რაც შეეხება ჩემს პედაგოგობას, რომ რა ბატონი გურამ რამიშვილი, ჩემი სამსახური მხოლოდ ლიტერატურის ინსტიტუტით შემოიფარგლებოდა. მე ჩამოვთვალე მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც რადიკალური ცვლილებები შეიტანეს ჩემს ცხოვრებაში, თორემ დღემდე რომ ვარსებობ, ვწერ, მიხარია და რაიმეს ვაკეთებ, ჩემი მეგობრების დამსახურებაა მხოლოდ…
მაქვს ლექსების ორი კრებული: „დაბრუნება ძველ სახლში“ და „საგაზაფხულო ლოცვა“. მყავს ერთი შვილი – ქრისტინე კანდელაკი, სიძე – ჯაბა კლდიაშვილი და შვილიშვილი – ირაკლი(იკო), აგრეთვე , ლაბრადორის ჯიშის ძაღლი – „ლეკი“ და ნახევარი სამშობლო“…

გთავაზობთ ლალი გულისაშვილის ერთ ლექსს ახალი კრებულიდან „ლექსები“.

შობა

აღმოსავლეთის ვარსკვლავმა, უვალი გზებით გვატარა, ბაგაში მართლა ღმერთივით, იწვა იესო პატარა…
ღამეში მანათობელო,
ცის ცრემლო, მიწის მარილო, იესო დაბადებულა,
ალილო, ცისკრის ალილო…
იესო, ღმერთო პატარავ,
ჩაძინებულო ბაგაზე,
ნაკვერჩხალივით ეკიდე, ღვთისმშობლის ფერმკრთალ კაბაზე…

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები