დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა კაროლ ფელიქსის გამოფენას – „შუქურას“ უმასპინძლებს
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა კაროლ ფელიქსის გამოფენას – „შუქურას“ უმასპინძლებს.
ეროვნული გალერეის ინფორმაციით, გამოფენა 16 ოქტომბერს, 10:00 საათზე, გაიხსნება და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.
კაროლ ფელიქსი 1961 წლის 26 ივლისს ქალაქ კოშიცეში დაიბადა. 1981–1987 წლებში ბრატისლავის სახვითი ხელოვნების აკადემიაში პროფესორ ალბინ ბრუნოვსკის ხელმძღვანელობით ბეჭდურ გრაფიკასა და წიგნის ილუსტრაციას სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძო როგორც თავისუფალმა ხელოვანმა. მისი შემოქმედება მოიცავს მხატვრობას, ბეჭდურ გრაფიკას, ილუსტრაციას, სკულპტურას, დიზაინს, ობიექტებს, ინსტალაციებსა და საფოსტო მარკებს.
ფელიქსი არის გრაფიკის ასოციაციის – G BOD-ის თანადამფუძნებელი, ასევე სლოვაკეთისა და საერთაშორისო მსხვილი სამხატვრო გაერთიანებების აქტიური წევრი. წლების განმავლობაში მან გამართა 86 პერსონალური გამოფენა 19 ქვეყანაში; მონაწილეობდა ევროპაში, ამერიკაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში გამართულ 250-ზე მეტ ჯგუფურ გამოფენასა და კონკურსში.
მისმა შემოქმედებამ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა – სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან სამხრეთ კორეასა და აშშ-მდე. ფელიქსს როგორც მოწვეულ ლექტორს წაკითხული აქვს ლექციები მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. გარდა ამისა, მისი კურატორობით მოეწყო 30-ზე მეტი გამოფენა სლოვაკეთსა და მის საზღვრებს გარეთ.
გამოფენაზე – „შუქურა“ წარმოდგენილი ნამუშევრებით მხატვარი განაგრძობს სინათლის, სიმბოლიზმისა და წარმოსახვის კვლევას, რომელიც ჩვენ შინა და გარე სამყაროს აკავშირებს. მისეული გამორჩეული ხედვითა და ოსტატობით კაროლ ფელიქსი მნახველს შთააგონებს, ზედაპირს მიღმა გაიხედონ, რათა აღმოაჩინონ უფრო ღრმა ძალები, რომლებიც აყალიბებს ჩვენს ხედვასა თუ გრძნობებს.
გამოფენა 9 ნოემბრამდე გასტანს.