არასამთავარობო ორგანიზაციები „ალიას„ დასახმარებლად

   არასამთვარობო ორგანიზაციები გაზეთ ,,ალიას’’ სოლიდარობას უცხადებენ და მოსახლეობას მედიის გადარჩენისთვის შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას სთხოვენ. გაზეთ ,,ალიასთვის’’ უზენაესი სასამართლოს მიერ 50 000 ლარის დაკისრებასთან და ,,ალიას’’ მხარდასაჭერი კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, „უფლებადამცველთა გაერთიანებამ“, კოალიცია ,,უფლებადამცველმა’’, „გახდი მოქალაქემ’’, „იუსტიციის მუშაკებმა’’, „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტმა’’, ორგანიზაცია „იურისტები დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარებისთვის’’ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც პრესკონფერენციაზე კოალიცია ,,უფლებადამცველის’’ ხელმღვანელმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მიერ გაზეთ ,,ალიასთვის“ 50 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან გაზეთში ოთარ კობერიძესთან დაკავშირებით გასული ინფორმაციები ჟურნალისტების თვითშემოქმდების შედეგი არ ყოფილა. „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობ ოთარ კობერიძესთან დაკავშირებით გაზეთ ,,ალიას’’ მიერ მკითხველისთვის მიწოდებული ინფორმაცია ტყუილად და ცილისწამებად გამოაცხადა და უაპელაციოდ გამოიტანილი იქნა გადაწყვეტილება 50 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების თაობაზე. გაზეთი ყოველი ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობოდა კონკრეტულ წყაროს და მათგან ინტერვიუებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას. გასული ინფორმაციები კობერიძესთან დაკავშირებით არ ყოფილა ჟურნალისტების თვითშემოქმდების შედეგი,’’ – განაცხადა ტუსკაძემ.
„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით კი, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყეტილება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეწინააღმდეგება.
“დაუშველელია ამ თავისუფლების შეზღუდვა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი განცხადებაა და არა – კომენტარი, აზრი, ვარაუდი, მოსაზრება, შეფასება.
სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია: საქართველოს კონსტიტუციის 24– ე მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები. ასევე, “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-19 მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს აზრის და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებით. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. სისტემა, რომელიც ამაგრებდა და ამტკიცებდა სააკაშვილის რეჟიმს, დღეს დაუფარავად ებრძვის იმ მედია საშუალებას, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ამხელდა, როცა სხვებს ღრმა ძილით ეძინათ. უზენაესი სასამართლოს გადაწყეტილება ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ყოველივე კი უნდა გახდეს ევროპის სასამართლოს მსჯელობის საგანი.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაზეთ „ალიას“ და ჩვენ მოკრძალებულ წვლილსაც შევიტანთ მისი გადარჩენის საქმეში. მოსახლეობას კი მოვუწოდებთ, „თიბისი“ ბანკში გახსნილ ანგარიშზე (GE30TB7568636020100001) თითო ლარი ჩარიცხოს, რაც მედიასაშუალებას ნამდვილად გადაარჩენს სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებით გამოწვეული მძიმე შდეგებისგან“, – განაცხადა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები